აშშ-მა პრორუსი კოკა მორგოშია და ზურა მახარაძე დაასანქცირა
აშშ-მა პრორუსი კოკა მორგოშია და ზურა მახარაძე დაასანქცირა. შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტი მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ასევე დასანქცირებულები არიან ძალოვანები - ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება“ და მილერი ლაგაზაური.
უწყების ცნობით, ფინანსური სანქციები საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის დაწესდა.
აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი ოთხეული ე.წ. მაგნიტსკის სიაში დაამატეს.
კონსტანტინე მორგოშია არის მედიაკომპანიის Alt-Info-ს დამფუძნებელი, რომელსაც იყენებდა დეზინფორმაციის გასაძლიერებლად და სიძულვილის ენისა და მარგინალიზებული თემების წინააღმდეგ მუქარის გასავრცელებლად. 2021 და 2023 წლის ივლისში ის მხარს უჭერდა ძალადობრივ თავდასხმებს მარგინალიზებულ პირებზე, რომლებიც მშვიდობიანად ახორციელებდნენ გამოხატვისა და შეკრების ფუნდამენტურ თავისუფლებას. ასევე მორგოშიამ ასობით მის მიმდევარს აიძულა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში შეჭრილიყვნენ და თავს დასხმოდნენ ადგილზე მყოფ ჟურნალისტებსა და პოლიციელებს.
ზურაბ მახარაძე Alt-Info-სთან ასოცირებული პირია და მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მარგინალიზებული ქართველების მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერია. მან პირდაპირ წაახალისა ძალადობა უმცირესობათა ჯგუფებისა და ჟურნალისტების მიმართ ონლაინ რეჟიმში მარგინალიზებულ თემებზე ძალადობრივ თავდასხმებამდე და 2021 და 2023 წლებში ადამიანის უფლებათა დამცველებზე ძალადობას ხელმძღვანელობდა", - წერს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი.
ოფიციალური ინფორმაციით, შტატებმა ახალი სანქციები 4 პირს დაუწესა.
ესენი არიან:
- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი - ზვიად ხარაზიშვილი
- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ლაგაზაური მილერი
- პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - კონსტანტინე მორგოშია
- პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - ზურაბ მახარაძე
ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა 60-ზე მეტ პირს, მათ შორის, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა.
რა არის ე.წ. მაგნიტსკის სია?
"მაგნიტსკის სიით" გათვალისწინებული სანქციები მიზნად ისახავს ადამიანების უფლებების დარღვევის ან კორუფციის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს.
"მაგნიტსკის სიაში" შეყვანილ პირებს სანქციები უწესდებათ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის საფუძველზე. ამასთან, სანქციები შესაძლოა გავრცელდეს ნებისმიერი უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლის წინააღმდეგაც, რომელიც პასუხისმგებელია მნიშვნელოვან კორუფციულ ქმედებებზე.
"მაგნიტსკის სიის" ევროპული ანალოგის ფარგლებში სანქცირებულთა სიაში, სხვათა ადამიანებთან ერთად, არის რამდენიმე რუსი მაღალჩინოსანი: ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ყოფილი დირექტორი ალექსანდრ კალაშნიკოვი, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ბასტრიკინი, რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორი იგორ კრასნოვი და რუსეთის გვარდიის ხელმძღვანელი ვიქტორ ზოლოტოვი.