გახარიასთან მოლაპარაკების შედეგზე თუ გადაწყვეტილება იქნება, პრეზიდენტს ვაცნობებთ - ხაზარაძე
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მზადყოფნას გამოთქვამს გიორგი გახარიასთან მოლაპარაკებაზე და ამბობს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის.
ამასთან, ხაზარაძე მიესალმება პრეზიდენტის ძალისხმევას საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდასაჭერად.
მე მივესალმები პრეზიდენტის ძალისხმევას საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდასაჭერად და მისი მხრიდან ამ საქმეში “ძლიერი საქართველოს” როლისა და მნიშვნელობის ხაზგასმას.
როგორც უკვე განვაცხადე, ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის და ამისთვის გვერდზე გადავდოთ ყველა პიროვნული საკითხი. ჩვენი გაერთიანება, „ძლიერი საქართველო“ ამის დასტურია.
დღეს დილით მე გამოვთქვი მზადყოფნა, ვისაუბრო გიორგი გახარიასთან ამ თემაზე თუ ეს ქვეყანას გამარჯვებას მოუტანს.
თუ, და, როცა იქნება რაიმე ტიპის გადაწყვეტილება ამ მოლაპარაკების შედეგების შესახებ, ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ ამას საქართველოს პრეზიდენტს“, - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
სალომე ზურაბიშვილი გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძეს ორბელიანის სასახლეში ხვალ, 17 სექტემბერს 15:00 საათზე ელოდება.
პრეზიდენტმა "ძლიერ საქართველოსა" და გიორგი გახარიას პარტიის ლიდერები მოლაპარაკებებისთვის ორბელიანების სასახლეში რამდენიმე წუთის წინ მიიწვია და მათ გაერთიანებისკენ მოუწოდა.