"ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის დასაცავად ნაბიჯების გადასადგმელად მზად ვართ" - სენატორი კარდინი

16.09.24 21:03
"ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის დასაცავად ნაბიჯების გადასადგმელად მზად ვართ" - სენატორი კარდინი

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი გამოცემა  Globalnews.ge-სთან ინტერვიუში საქართველოში არსებული გადამწყვეტი არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს.

როგორც ამერიკელი პოლიტიკოსი აცხადებს, საქართველოს მთავრობის პოლიტიკური კურსის ნათლად დასანახად უმნიშვნელოვანესი ტესტი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება იქნება.

ამასთან, ბენ კარდინი პირდაპირ ამბობს, რომ დასავლეთმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება უკვე გამოხატა, რის გამოც, ამერიკა მზად არის, რომ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის დასაცავად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

საქართველოს მთავრობის პოლიტიკური კურსის ნათლად დასანახად უმნიშვნელოვანესი ტესტი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება იქნება. დიახ, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს მოლოდინი, რომ ოქტომბერში არჩევნებს კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩაატარებთ. ჩვენ კი, შეგვიძლია დაგპირდეთ, რომ ამ არჩევნებს ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით. რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები იმის შესაბამისად იმოქმედებს, თუ რამდენად დემოკრატიული პრინციპების ერთგული იქნება მოქმედი ხელისუფლების ნაბიჯები. ახლა მთელი პასუხისმგებლობა სწორედ მათზეა.

ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, რომ ძალიან შეშფოთებულები ვართ და ისიც ნათლად გამოვხატეთ, რომ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის დასაცავად ნაბიჯების გადასადგმელადაც მზად ვართ. ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის ნებას, სწორედ ამიტომ, ისევ გავიმეორებ, რომ დაველოდებით, რა გარემოში და როგორ ჩატარდება არჩევნები. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ წინასწარ განვსაზღვროთ არჩევნების შედეგები, მხოლოდ მთავარი პრინციპების დაცვაზე ვსაუბრობთ - ის უნდა იყოს სამართლიანი და თავისუფალი. ისე, როგორც ეს ევროპულ ან იმ ქვეყნებში ხდება, რომლებიც ევროპისკენ მიისწრაფვიან. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საბოლოოდ, ყველაფერი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია." - განაცხადა კარდინმა

მსგავსი სიახლეები