დაანონსებული ბოდიში - ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს ბიძინა ივანიშვილის განცხადება მოსწონს
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში დაანონსებულ ბოდიშს საგანგებო განცხადებით ეხმაურება.
"იმედი ვიქონიოთ, რომ ბატონი ივანიშვილი თავის ზრახვებში გულწრფელი იქნება და აფხაზ ხალხთან მიმართებაში სწორ სიტყვებს იპოვის" - წერს მარიონეტული რეჟიმი.
დე-ფაქტო უწყების შეფასებით, ივანიშვილის განცხადება აჩვენებს, რომ "საქართველოში ჯერ ისევ არსებობს შინაგანი გადაფასების და საკუთარი შეცდომების აღიარების რესურსი".
მსგავსი განცხადება, თუ ის გამყარებულია რეალური ნაბიჯებით შერიგებისკენ, დამყარებული წარსულის შეცდომების გადაფასებასა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზი ხალხის მიმართ მობოდიშებისკენ, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდების უარყოფასა და სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაზე, შეიძლება გახდეს პროცესის დასაწყისი, რომელიც მშვიდობიანი არსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიდის”. - ნათქვამია განცხადებაში.
"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში ქართული მხარე დღეს გორში დაადანაშაულა.
"გამოვნახავთ ძალას ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ ენმ-მ ალში გახვია ოსი დები-ძმები"- თქვა მმართველი პარტიის სიის პირველმა ნომერმა აგვისტოს ომზე საუბრისას.