აგვისტოს ომი, პროპაგანდა და "ოცნების" უპასუხო კითხვები - პრემიერი "ტვ პირველის" პირისპირ
"ქართული ოცნება" ომის დაწყებაში წინა ხელისუფლებას და მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს - საქართველოს პრემიერ-მინისტრ სამთავრობო ტრუბუნიდან ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "გარე ძალებმა" წააქეზეს.
თუმცა "ტვ პირველის" არაერთი კითხვის მიუხედავად მთავრობის მეთაური ვერ ასახელებს ვისი დავალება იყო 2008 წელს ომის დაწყება და ვინ წააქეზა იმ დროინდელი ხელისუფლება.
კობახიძის თქმით, ის არგუმენტი, რომ რუსული მხარე ომამდე საუბრობდა, რომ "ამ სცენარებისთვის ემზადებოდნენ", არ ნიშნავს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და ეს ვერანაირი გამართლება ვერ იქნება სააკაშვილის ხელისუფლებისთვის.
,,ომი დაიწყო საქართველოში 2008 წლის აგვისტოში, ვინ დაიწყო ეს ომი, ვინც გახსნა ცეცხლი ცხინვალზე 7 აგვისტოს და ხელი მოაწერა შემდეგ იმას, რომ თავად დაიწყეს ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები. ეს პირდაპირ თქვეს, თავად ომი დაიწყო 2008 წელს და მაშინდელმა რეჟიმმა გახსნა ცეცხლი ცხინვალზე, ეს თვითონ აქვთ ამაზე ხელი მოწერილი. როდესაც რუსული მხარე საუბრობს, რომ ისინი სცენარებისთვის ემზადებოდნენ, ეს ვერანაირი გამართლება ვერ იქნება სააკაშვილის რეჟიმისთვის, რომელმაც 7 აგვისტოს გახსნა ცეცხლი მშვიდობიან მოსახლეობაზე და შემდეგ ხელი მოაწერა ამას, რომ ეს გააკეთეს 7 აგვისტოს. ნაც მოძრაობამ, ხელი მოაწერა ამას და ამაზე პასუხისმგებლობას იზიარებს გვარამიას პარტიაც. საომარი მოქმედებები დაიწყო სწორედ 7 აგვისტოს, სააკაშვილის რეჟიმის მიერ 7 აგვისტოს ცხინვალის დაბომბვით. ეს წერია, სწორედ ევროსაბჭოს რეზოლუციაში, ეს წერია ტალიავანის დასკვნაში. ერთს ხელი მოაწერა პირდაპირ ნაც მოძრაობის რეჟიმმა და მეორეს დაეთანხმა, როდესაც გამოქვეყნდა დასკვნა. თქვენი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა ზუსტად იგივე განაცხადა, ამის გამო თქვენ ის მოღალატედ გამოაცხადეთ 2018 წელს. სალომე ზურაბიშვილს აქვს ზუსტად იგივე ნათქვამი, რასაც ხელი მოაწერა სააკაშვილის რეჟიმმა, რომ 7 აგვისტოს ფართო მასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო ნაც მოძრაობის რეჟიმმა. ომი გააჩაღა სააკაშვილის რეჟიმმა და შემდეგ ხელი მოაწერა აღიარებით ჩვენებას", - ამბობს კობახიძე.