საოკუპაციო რეჟიმი თრუსოს ხეობას და "დამოუკიდებლობას" ითხოვს - რას ამბობენ "ოცნებაში"
საოკუპაციო რეჟიმი თრუსოს ხეობას და "დამოუკიდებლობას" ითხოვს - "ოცნება" ირწმუნება, რომ ედუარდ კოკოითის განხადებები მათთვის საინტერესო არ არის.
მამუკა მდინარაძე ისევ ურთიერთშერიგებასა და მიტევებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ბოდიშის მოხდა საკუთარი მოქალაქეების წინაშე გადადგმული დიდი ეროვნული ნაბიჯია.
,,კოკოითს მიხეილს სააკაშვილმა, თქვენმა სულელმა და ფიზიკურმა ლიდერმა უღიარა ტერიტორიის ყველა პარამეტრი. ეს პრიმიტიულად, გოიმურად არ უნდა მიუდგეთ ამ საკითხს, ჩვენ უნდა მივუდგეთ სახელმწიფოებრივად. აქ არის საუბარი ურთიერთ პატივისცემაზე. ვსაუბრობ ჭირისუფალთან ურთიერთ მიტევებაზე, ურთიერთშერიგებაზე. პოლიტიკური ნება. კოკოითი რას ამბობს, ამ შემთხვევაში არ მაინტერესებს. ბოდიშის მოხდა, არის დიდი ეროვნული ნაბიჯი, საკუთარი მოქალაქეების წინაშე", - ამბობს მდინარაძე.
ივანიშვილის ბოდიშის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმი თრუსოს ხეობას და "დამოუკიდებლობას" ითხოვს. კოკოითი წერს, რომ ოლიგარქის განცხადებაში ახალი არაფერია და მომხდარზე პასუხისმგებელი სრულიად საქართველოა. დროებითი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ყოფილ ლიდერი ამბობს, რომ საქართველოს პატიება არასდროს მოხდება.
- რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა გორში პარტიულ შეკრებაზე განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ქართველმა ხალხმა აგვისტოს ომის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს. მან ასევე იმ ადამიანების დასჯა დააანონსა, ვისაც, მისი მტკიცებით, ამ ომის წამოწყებაში მიუძღვის წვლილი.