“ძლიერი საქართველო" გმობს ივანიშვილის მთავრობის და კოკოითის ერთობლივ პოზიციას“ - განცხადება
“ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" გმობს ბიძინა ივანიშვილის მთავრობის და სეპარატისტი კოკოითის ერთობლივ პოზიციას, რომელიც წარმოადგენს კრემლში დაწერილი სცენარის ნაწილს და არის ქვეყნის ინტერესების ღალატის გაცხადებული აქტი!, - ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი.
მათი თქმით, “სწორედ ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ, ბოდიშის მოხდის შესახებ, წაახალისა საქართველოს სახელმწიფოსა და ერთიანობის წინააღმდეგ მოქმედი ძალები.“
საქართველო არის ერთიანი სახელმწიფო, რომლის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, ხოლო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან ამ პოლიტიკის აღსრულების მნიშვნელოვანი მონაწილეები.
ბიძინა ივანიშვილი ემსახურება რუსეთს!
სწორედ რუსული გეგმის გამხმოვანებელია ბიძინა და თავისი გუნდი და ამის ნათელი დასტურია ის ფაქტი, რომ იგივე რუსული ნარატივი გაჟღერდა დღეს სეპარატისტი ლიდერის, კოკოითის მხრიდან.
"ქართული ოცნება" ხელისუფლებაში დარჩენის გამო ყიდის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამას ღიად აცხადებს. მათ მიერ გამოცხადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საჭიროება სწორედ ამას გულისხმობს და ეს აღარავისთვის არ არის საიდუმლო.
"ქართულ ოცნებას" მოუწევს ბოდიში მოუხადოს ქართველ ხალხს ამ სამარცხვინო, რუსული განცხადებების გამო. ბოდიში მოსახდელი აქვს არა ქართველ ხალხს, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესების მოღალატეებს. ბიძინა ივანიშვილი 27 ოქტომბერს გაიქცევა მოსკოვში!
26 ოქტომბერს არჩევნებში გაიმარჯვებს ძალა, რომელიც ემსახურება საქართველოს.
სწორედ ევროპული და განვითარებული საქართველო არის გზა ქვეყნის გამთლიანებისა.
საქართველო განთავისუფლდება რუსული ზეგავლენისგან და გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ესაა ის, რასაც "ძლიერი საქართველო", ნომერი 9, პირდება ქართველ ხალხს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ივანიშვილის ბოდიშის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმი თრუსოს ხეობას და "დამოუკიდებლობას" ითხოვს. კოკოითი წერს, რომ ოლიგარქის განცხადებაში ახალი არაფერია და მომხდარზე პასუხისმგებელი სრულიად საქართველოა. დროებითი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ყოფილი ლიდერი ამბობს, რომ საქართველოს პატიება არასდროს მოხდება.
- რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა გორში პარტიულ შეკრებაზე განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ქართველმა ხალხმა აგვისტოს ომის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს. მან ასევე იმ ადამიანების დასჯა დააანონსა, ვისაც, მისი მტკიცებით, ამ ომის წამოწყებაში მიუძღვის წვლილი.