ხაზარაძე: ჩვენ ვაკეთებთ სრულ კონსოლიდაციას იმ ადამიანებთანაც, ვისთანაც ჩვენ კონფლიქტი გვქონდა, ერთი მიზნის გამო - ეს არის ჩვენი სამშობლო
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ “ახლა ის დროა, როცა ყველაფერი პირადული გვერდზე უნდა გადაიდოს და კონსოლიდაცია შედგეს.“
ხაზარაძე მიიჩნევს, რომ რაც არ უნდა აკრიტიკონ, რაც არ უნდა თქვან - “რამდენად სწორია ამასთან თუ იმასთან ხელის ჩამორთმევა“, მაინც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი.
ჩვენ ზუსტად ერთ თვეში გველოდება შემდეგი სურათი: სადაც კოკოითი ითხოვს ბიძინა ივანიშვილის ბოდიშის ფონზე, როცა მან განაცხადა რომ ჩვენ, ქართულმა სახელმწიფომ, ბოდიში უნდა მოვუხადოთ ოკუპანტებს, მოვისმინეთ უკვე ოსური მხარის განცხადება , სადაც ისინი ითხოვენ საქართველოს მხრიდან ჩვენი სამაჩაბლოს აღიარებას. ამიტომ, მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი პიროვნული უნდა გადავდოთ გვერდით, რაც არ უნდა მძიმე იყოს ეს ყველაფერი, თქვენ დაინახეთ, რომ მე ეს შემიძლია, ჩემს გუნდს ეს შეუძლია, ჩვენ ვაკეთებთ სრულ კონსოლიდაციას იმ ადამიანებთანაც, ვისთანაც ჩვენ გაურკვევლობა ან კონფლიქტი გვქონდა ერთი მიზნის გამო- ეს არის ჩვენი სამშობლო, ეს არის ჩვენი ქვეყნის თავისუფალი არჩევანი, ამიტომ, რაც არ უნდა მაკრიტიკოთ, რაც არ უნდა თქვათ, რომ რამდენად სწორია ამასთან თუ იმასთან ხელის ჩამორთმევა, მე, როგორც თავისუფალმა ადამიანმა ერთი რამ ვიცი, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენმა შვილებმა, თქვენ, ვინც ახლა გვისმენს, 26 ოქტომბრის მერე იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ სამყაროსთან ერთად, რომ ვიყოთ დაცულები, ვიყოთ სტაბილური მშვიდობის გარანტორები, ვიყოთ ჩვენს პარტნიორებთან და არ ვიყოთ იმ მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში, რომელიც უკვე ნანახი მაქვს, როცა მე ვიყავი 25 წლის მაშინ დამთავრდა ეს ყველაფერი და ასეთი არჩევანი ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობის გამოცხადების მერე არ ჰქონია, ამიტომ მე ამ არჩევანს ჩემს გუნდთან ერთად ღირსეულად ჩავაბარებ და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი და თითოეულ ჩვენგანს მიეცეს ნორმალური ცხოვრების საშუალება“,- განაცხადა ხაზარაძემ.