ხაზარაძე-გახარიას გაერთიანება ხელისუფლების ცვლილებას რეალურს ხდის - პოლიტოლოგები
გახარია-ხაზარაძის შესაძლო გაერთიანებას პოლიტოლოგები წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს ალიანსი ხელისუფლების ცვლილებას გაცილებით უფრო რეალურს ხდის.
ეს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ტრიუმვირატი სალომე ზურაბიშვილის, პრეზიდენტის ეგიდით, გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის გაერთიანება, ეს იქნება მესამე პოლუსი, რომელიც არის თანაზომადი და გარკვეულწილად, ტოლფარდი „ნაციონალური მოძრაობის“ და იგივე „ქართული ოცნების“. აქედან გამომდინარე, ეს ფაქტობრივად, ანგრევს იმ ორპოლუსიან ვითარებას, რაც 2012-ის მერე მოგვყვება და რაც წყევლად გვექცა ლამის ქართულ პოლიტიკაში. ამ ვითარებას ცვლის რადიკალურად. ეს აჩენს ამომრჩევლებში სერიოზულ მოტივაციას, სერიოზულ ენერგიას, რომ მივიდნენ არჩევნებზე. ძალიან ბევრი ადამიანისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც არც „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა და არც „ქართული ოცნება“, არ ეხება არანაირი „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს, ის რჩება კვლავ თავისი პარტიის ერთგული. ასე რომ, ეს არის ის გაერთიანება, რომელიც გაცილებით უფრო რეალურს ხდის ხელისუფლების ცვლას, ვიდრე აქამდე იყო, - ამბობს დავით ზურაბიშვილი.
ამავე აზრს იზიარებს ზვიად ძიძიგურიც. მისი თქმით, სწორედ ხაზარაძე-გახარიას გაერთიანება შეიძლება აღმოცნდეს არჩევნებში გამარჯვების ფორმულა.
ამ გაერთიანებას შეუძლია, ისეთი კარგი ენერგეტიკა შემოიტანოს საარჩევნო პროცესში, რომელიც ახლა არ არის, ამ წუთას არ იგრძნობა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ამდენ სისულელეს აკეთებს, საარჩევნო პროცესში ეს არ აისახება სათანადოდ და ეს გაერთიანება ამ ენერგეტიკას შექმნის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ხელისუფლების შეცვლა არის ქვეყნისთვის საჭირო და აუცილებელი, მე ვფიქრობ, რომ ეს გაერთიანება ყველასთვის იქნება მიმზიდველი და ელექტორალური თავლსაზრისით, შეიძლება სერიოზული წარმატება დადოს ხაზარაძე-გახარიას გაერთიანებით, - ამბობს ზვიად ძიძიგური.
გაფორმდება თუ არა საბოლოო ალიანსი გახარიას და ხაზარაძის გუნდებს შორის ცნობილი დღეს გახდება. ამ დროისათვის საკითხზე კოსულტაციები "ძლიერ საქართველოში" მიმდინარეობს. კოალიციაში მიაჩნიათ, რომ არსებობს გარკვეული კითხვები, რომლებზეც მნიშვნელოვანია, რომ გახარიას გუნდის მხრიდან პასუხები იქნეს გაცემული, მათ შორის, 20 ივნისის და ანაკლიის პორტის საკითხებზე. მთავარი, რაზეც პოლიტიკური ლიდერები თანხმდებიან არის ის, რომ ივანიშვილის დასამარცხებლად ძალების მობილიზებაა საჭირო.