ხაზარაძის და გახარიას შეხვედრის მეორე რაუნდი დასრულებულია - პირველი კომენტარები
მამუკა ხაზარაძის და გიორგი გახარიას შეხვედრის მეორე რაუნდი დასრულებულია. მოლაპარაკეები ისევ არაფორმალურ გარემოში და პირისპირ შედგა.
როგორც შეხვედრიდან გამოსული პოლიტიკოსები ამბობენ, "საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის".
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ კონსულტაციები ისევ გაგრძელდება.
მისი თქმით, კოალიციის სხვა წევრების შეთანხმების გარეშე ის დამოუკიდებლად ნაბიჯს არ გადადგამს.
მათთან შეთანხმების გარეშე, მე ნაბიჯს არ გადავდგამ. წინააღმდეგი არავინ არის კოოპერაციაზე. ჩვენ ბატონ გიორგის შევთავაზეთ, რომ ამ გაერთიანებაში და ამ კოალიციაში შემოსულოყო თანაბარსწორუფლებიან პარტნიორად, შესაბამისად ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს. საუბარი არ დამთავრებულა, საუბარი გრძელდება. მინდა მას მადლობა გადავუხადო კონსტრუქციული მიდგომისთვის. არ არის ეს მარტივი. რასაც მინდა, მივაღწიო არის ის, რომ არჩევნებამდე ჩვენს მოქალაქეებს ვაჩვენოთ როგორ გამოიყურება კოალიცია და ვის რა ზომა-წონა აქვს და გამოიყურება ამ კოალიციაში ეს არ არის მთავარი, მთავარია, რომ ჩვენ ქართველ ხალხს ვაჩვენოთ, რომ მრგვალი მაგიდის და იდეის გარშემო, საქართველოს ინტერესებისთვის შესაძლებელია გაერთიანება.
კონსულტაციები გაგრძელდება. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს პრეზიდენტთან მუდმივი კომუნიკაცია და როცა დაინიშნება ახალი შეხვედრა-შევხვდებით"- თქვა ხაზარაძემ.
კომენტარი გააკეთა "გახარია-საქართველოსთვის" ლიდრმაც. გიორგი გახარიაც ადასტურებს ინფორმაციას, რომ კონულტაციები კვლავ გაგრძელდება.
ამასთან, გახარიამ კატეგორიულად გამორიცხა, რომ შეთანხმების ამ ეტაპზე მიუღწევლობა სიას არ უკავშირდება.
პრეზიდენტს დაველაპარაკები, მოგეხსენებათ, რაღაც უნდა შეეთანხმებინა მამუკას (ხაზარაძეს) და ჩემდა სამწუხაროდ, ჯერ არ გამოდის ეს შეთანხმება. მამუკას უნდა შეეთანხმებინა გუნდთან, როგორც ჩანს, ვერ მოახერხა ამის შეთანხმება. ვნახოთ, დაველოდები"- თქვა გიორგი გახარიამ.
ძალების გაერთიანებისკენ პირველი ნაბიჯები გუშინ გადაიდგა - 17 სექტემბერს მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ, შემდეგ კი ორბელიანების სასახლეში, სალომე ზურაბიშვილთან გადაინაცვლეს.
გაერთიანების ინიციატივა პრეზიდენტ ზურაბიშვილს ეკუთვნის, რომელმაც პოლიტიკოსები 17 სექტემბერს, რეზიდენციაში მიიწვია.