"საქართველო ავტოკრატიისა და დემოკრატიის გზაჯვარედინზე" - თბილისში საერთაშორისო და ქართველი ექსპერტების დისკუსია მიმდინარეობს
საქართველო ავტოკრატიისა და დემოკრატიის გზაჯვარედინზე - სწორედ ამ საკითხზე მსჯელობენ საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები დღეს დილიდან თბილისში და ქართული დემოკრატიის მომავალს განიხილავენ.
ექსპერტები, ფაქტობრივად, თანხმდებიან, რომ ქვეყანას ოქტომბერში რეფერენდუმის მნიშვნელობის მქონე არჩევნები ელოდება, სადაც საქართველოსა და საზოგადოების ბედი უნდა გადაწყდეს.
როგორც "ალექსანდრე რონდელის ფონდის" უფროსი ანალიტიკოსი, კახა გოგოლაშვილი აცხადებს, თუ საქართველო დემოკრატიულ კურსს არ დაუბრუნდება, მაშინ ქვეყანა ავტოკრატიული სამყაროს წიაღში მოექცევა.
მეტიც, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ეჭვქვეშ აყენებს ლიბერალურ დემოკრატიას, როგორც საზოგადოებრივი მშენებლობის პრინციპს.
ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია, საქართველო აღმოჩნდეს ავტორიტარული სამყაროს წიაღში. განცხადებები არის გაკეთებული უკვე უმაღლესი წარმომადგენლებისგან, რომ გაყინულია საქართველოს შემდგომი ინტეგრაცია ევროკავშირში. ასევე, მართველი ძალის რიტორიკაში ვხედავთ გაუმართლებელ კრიტიკას დასავლეთის. ეჭვქვეშ დგება საერთოდ ლიბერალური დემოკრატია, როგორც საზოგადოებრივი მშენებლობის პრინციპი", - ამბობს კახა გოგოლაშვილი.
ექსპერტები ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გამოწვევებისა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრისას საფრთხეებზეც ამახვილებენ ყურადღებას.
როგორც სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვალერი ჩეჩელაშვილი აღნიშნავს, ხელისუფლებაში ივანიშვილის გუნდის დარჩენის შემთხვევაში, საქართველო ბელარუსი გახდება.
იმ ბოდიშის მოხდის ფონზე, შესაძლოა, არაღიარების პოლიტიკაც აღარ ადარდებს მთავრობას. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის ძალიან სახიფათო თამაშები. თუ რამენაირად ფანტასტიკური რამ მოხდა და "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლება შეინარჩუნა, ეს ის საქართველო არ იქნება. ან ჩვენ ვიქნებით ჭეშმარიტად პროევროპული ქვეყანა, თუ გაიმარჯვა ოპოზიციამ, ან ჩავეფლობით პოსტსაბჭოურ წუმპეში. უკეთს შემთხვევაში ჩვენ გავხდებით ყირგიზეთი და უარეს შემთხვევაში ბელარუსი", - ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი.