აბრამიძის მკვლელობა ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ჰომოფობიის შედეგია - PHR
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) კესარია აბრამიძის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"უკვე წლებია პოლიტიკური ჰომოფობია და გენდერული უთანასწორობის თესვა ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალის დღის წესრიგად იქცა - ღნიშნული გარემოებების შედეგია გუშინ მომხდარი შემზარავი მკვლელობა" - ასეთია მესამე სექტორის წარმომადგენლების კომენტარი.
"პირველ რიგში, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს კესარიას ოჯახს. ამასთან, მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს აწარმოონ საქმის ეფექტური გამოძიება და სამართლინად ჩაატარონ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.
აქვე აღვნიშნავთ, უკვე წლებია პოლიტიკური ჰომოფობია და გენდერული უთანასწორობის თესვა ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალის დღის წესრიგად იქცა. სახელისუფლებო მედია საშუალებებიც აქტიურად აწარმოებენ ჰომოფობიურ პროპაგანდას, იყენებენ სიძულვილის ენას და ამ გზით აღვივებენ ძალადობას საზოგადოებაში. სწორედ აღნიშნული გარემოებების შედეგია გუშინ მომხდარი შემზარავი მკვლელობა, ისევე როგორც, ზოგადად, ბოლო წლებში ქვიარ ჯგუფების მიმართ ჩადენილი დანაშაულები და ფემიციდის შემთხვევები" - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი მეგობარი მამაკაცი, 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, დიდ დიღომში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
კესარია აბრამიძის ცხედარი ექპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. წინასწარი ინფორმაციით, მან დანით 18-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.