საბა ბუაძე: ჩვენს კოალიციაში შეთანხმების პრინციპული წინააღმდეგობა არავის არ აქვს
გახარიას გუნდთან შეთანხმების მიღწევას ლელოს შიგნით სრული მხარდაჭერა აქვს - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, საბა ბუაძემ "ტვ პირველის" დღის ამბებში განაცახადა.
მისი თქმით, მათთვის სიურპრიზი აღმოჩნდა "გახარია-საქართველოსთვის" განცხადება, სადაც საუბარია, რომ "შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა".
საბა ბუაძისვე განცხადებით, გუშინდელი დღის მონაცემებით პოლიტიკურ ლიდერებს პრინციპულ საკითხებზე ერთგვარი შეთანხმება ჰქონდათ:
ეს პროცესი დაიწყო, ეს პროცესი მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ჯერ კიდევ პრეზიდენტის აქტიური მონაწილეობით და სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სრული სიურპრიზი აღმოჩნდა ეს განცხადება, რადგან გუშინდელი დღის მონაცემებით ჩვენ გვქონდა პრინციპულ საკითხებზე ერთგვარი შეთანხმება, არსებობდა ორივე მხრიდან ძალიან გასაგები მოლოდინები, ლელოს შიგნით ამ მოლაპარაკებებს აქვს სრული მხარდაჭერა და ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებას და გახარიას გუნდთან შეთანხმების მიღწევას აქვს სრული მხარდაჭერა ლელოს შიგნით და ამაზე, არის კონსენსუსი ჩვენს გუნდში.
მეტიც, კოალიციის შიგნითაც არის დიდი კეთილგანწყობა, შემიძლია გავიხსენო იგივე ალეკო ელისაშვილის მიერ გამოთქმული საჯარო პოზიცია, რომელიც მხარს უჭერს ასევე ამ შეთანხმებას და ის, რომ სადღაც ვიღაც წინააღმდეგია, ეს აბსოლუტურად არასწორი ფორმულირებაა საკითხის. ჩვენს კოალიციაში ამ შეთანხმების პრინციპული წინააღმდეგობა არავის არ აქვს"- დასძინა მან.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, „ძლიერ საქართველოსთან“ შეთანხმების მიღწევა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მათ პარტიასა და „ლელოს“ შორის დაწყებული დისკუსია აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანაშრომლობასთან დაკავშირებით.
„მადლობას ვუხდით და კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ პატივისცემას საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს დღეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. სწორედ მისი ინიციატივითა და მოწვევით ვიყავით ჩართული ამ რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურ დისკუსიაში.
ასევე, მადლობას ვუხდით „ლელოს“ დისკუსიაში მონაწილეობისთვის.
ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების საერთო ეროვნული ინტერესები ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე რაიმე სახის პარტიული ან/და პერსონალური ინტერესი.
ასე იყო წარსულში - ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასეა დღეს - ოპოზიციაში, ასე იქნება მომავალში.
აქედან გამომდინარე, ჩვენ გვერდზე გადავდეთ ჩვენი პარტიული ინტერესები და ყველაფერი დავთმეთ, სანაცვლოდ მეორე მხარემ ითხოვა ვადა შიდა კოალიციური შეთანხმებისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მეორე მხარემ შიდა კონსესუსს ვერ მიაღწია.
საარჩევნო დრო კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად უკვე შეზღუდულია, შესაბამისად, ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.
ჩვენსა და "ლელოს" შორის დაწყებული დისკუსია გვიჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანაშრომლობასთან დაკავშირებით.
ჩვენი პოლიტიკური მიზანია „ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების გარეშე, ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა და პოლარიზაციის დასრულება“, - ნათქვამია განცხადებაში.