ვინ მიიღო საბედისწერო შეტყობინება ფოსტაზე? - დასანქცირებულთა ვინაობას "ოცნება" მალავს
არჩევნებამდე “ოცნება“ სანქციების ახალ და რამდენიმე პაკეტს უნდა ელოდოს - თავდაცვის ყოფილი მინისტრი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების დიდი განსაცდელი ჯერ კიდევ წინ არის. დასანქცირებულთა ვინაობა კი “ოცნებაში“ ამ დრომდე მკაცრად გასაიდუმლოებულია. ოლიგარქის გუნდში არ ამხელენ, ვის მიუვიდა შეტყობინება სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით. ახლა ცდილობენ სანქციების შიში მკაცრი რიტორიკით გადაფარონ.
კახა კალაძე ირწმუნება, რომ ამაყია, როგორც არასდროს. ახლა ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, თავიდან აიცილონ სისტემის რღვევა. თუმცა სანქციების ეფექტი უკვე აისახა ქვეყნის ეკონომიკაზე. ლარი მეორე დღეა უფასურდება, ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულმა დაუმორჩილებლობამ კი ქართული ბანკები დიდი რისკის ქვეშ დააყენა. თუ დასანქცირებულების ანგარიშები არ გაიყინება საქართველოს საბანკო სისტემა საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდება.