პოლიტიკური ძალა, რომელიც ოპოზიციის განადგურებით იმუქრება, მტერს ბოდიშს უხდის და ოპონენტებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია - ბოკუჩავა

20.09.24 11:47
პოლიტიკური ძალა, რომელიც ოპოზიციის განადგურებით იმუქრება, მტერს ბოდიშს უხდის და ოპონენტებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია - ბოკუჩავა

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა გუშინ ზუგდიდში კოალიციის წევრებზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება და იმ პირებს ასახელებს, ვინც თავდასხმის ორგანიზებაში და თავად ძალადობაში მონაწილეობდა. 

ბოკუჩავა ამბობს, რომ "ოცნების" წარმომადგენლები ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. მისივე თქმით, "ქართული ოცნება", რომლის მთავარი საარჩევნო დაპირება ოპოზიციის განადგურება და რომელიც სასტიკად უსწორდება ოპონენტებს, უკვე დამარცხებულია. 

მინდა გამოვეხმაურო გუშინ ზუგდიდში "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობი" წევრებზე თავდასხმას, რომელიც ორგანიზებული იყო "ქართული ოცნების" დელეგატის დათო კოდუას მამის, ოთარ კოდუას მიერ.
 
"ქართული ოცნების" წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტის წევრს ანი წითლიძეს და "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს. თავდასხმაში მონაწილეობდა "ქართული ოცნების" თანამშრომელი თეონა ქარდავა, რომელიც წარსულშიც გამოირჩეოდა აგრესიული მოქმედებებით ოპოზიციის მიმართ და მონაწილეობდა ჩვენი ოფისის დარბევაში. მითითებებს იძლეოდნენ "ქართული ოცნების" წევრი გია სალია, "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრი თაზო ფაცაცია და მათთან დაკავშირებული პირი - დიმა გოგოხია. თვითმხილველების მტკიცებით, თავდამსხმელები იმყოფებოდნენ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.
 
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებს თავს დაესხნენ მაშინ, როდესაც ისინი ქალაქ ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხვდებოდნენ მოქალაქეებს და არიგებდნენ საქართველოს ევროკავშირის პასპორტს, სადაც გაწერილია კონკრეტული სიკეთეები, რასაც საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ.
 
12 წელი ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა, რომელიც წინასაარჩევნოდ მთავარ დაპირებად ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას - მათ შორის ქალებს - ფიზიკურად უსწორდება - უკვე დამარცხებულია.
 ივანიშვილის მარცხი გარდაუვალია, - განაცხადა ბოკუჩავამ. 

 
 

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის მტკიცებით, 50 - მდე “ოცნების“ მაისურიანი პირები მათთან მივარდნენ, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

როგორც წითლიძე ამბობს, ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელიც თავდასხმის მსხვერპლი გახდა, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

 

მსგავსი სიახლეები