პენსიონერები ურთულეს მდგომარეობაში არიან, ჩვენ გვაქვს წინადადება 1000 ლარიანი პენსიის დაწესების შესახებ - "ძლიერი საქართველოს" ბრიფინგი
პენსიონერების გაუსაძლის ყოფასა და მიზერულ პენსიებზე კოალიცია "ძლიერმა საქართველომ" საგანგებო ბრიფინგი გამართა. ანა დოლიძემ ეროვნული ბანკი პენსიონერების დასაცავად უმოქმედობაში დაადანაშაულა და იმ გეგმაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, მათი გამარჯვების შემთხვევაში, ყველა პენსიონერს ღირსეული ანაზღაურება ექნება.
დღეს ჩვენ ვიმყოფებით ეროვნულ ბანკთან. კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ და მის წევრებს წლებია აქვს კამპანია საქართველოს პენსიონერების დასაცავად. არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში პენსიონრები არიან ჩაყენებული ურთულეს მდგომარეობაში და დაბერება საქართველოში დაკავშირებულია უდიდეს საშიშროებასთან და ნერვიულობასთან.
ჩვენ, კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ გვაქვს წინადადება 1000 ლარიანი პენსიის დაწესების შესახებ. ყველა პენსიონერს საქართველოში შევუქმნით ღირსეული ცხოვრების უფლებას. ეს შეიქმნება იმით, რომ საქართველოში იქნება 200 ათასი სამუშაო ადგილი, საქართველოში მიეცემათ ნულოვანი ბიუროკრატიის პირობებში საქმიანობა ბიზნესს, ჩვენ ჩამოვიყვანთ ინვესტორებს, ჩვენ დავაწესებთ მინიმალურ ხელფასს და შესაბამისად, სამართლიან ანაზღაურებას, რის შედეგადაც საქართველოში იქნება დოვლათი, ადამიანები თავისუფლად გადაიხდიან გადასახადს და ასევე, კაზინოების დაბეგვრით, დავაწესებთ 1000 ლარიან პენსიას. დღეს რა ვითარებაა? პენსიონრები დატოვებულნი არიან პირისპირ „ლიბერთი ბანკის“ წინაშე და ეროვნული ბანკი, ამასთან დაკავშირებით, ჩვენი სახელმწიფო არაფერს აკეთებს, - განაცხადა ანა დოლიძემ.
"ლიბერთი ბანკის" მიერ პენსიონერების "ძარცვაზე" ისაუბრა ქეთი თურაზაშვილმაც.
საქართველოში გრძელდება ათასობით პენსიონერის ძარცვა. ეს ადამიანები, მათი უმეტესობა, არის სიცოცხლის ბოლომდე ვალში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პენსიონერებზე, ესენი არ არიან ცალკე განყენებული ჯგუფი. ესენი არიან ჩვენი ოჯახის წევრები, ჩვენი მშობლები, ჩვენი ბებია-ბაბუები. საქართველოში 800 ათასი პენსიონერიდან 400 ათას პენსიონერს გაუფორმეს მოტყუებით სესხები და არ აუხსნეს მათ რისკები და საფრთხეები. 400 ათასამდე პენსიონერს გაუფორმეს ოვერდრაფტები და კოვიდ პანდემიის დროს გაუხანგრძლივეს სესხები 2, 3 და 4 წლით ისე, რომ არ აუხსნეს პირობები. შესაბამისად, ამის გაგრძელება არ შეიძლება, ეს უნდა შეიცვალოს. ჩვენ, „ძლიერ საქართველოს“ მიგაჩნია, რომ ჩენი პენსიონერები იმსახურებენ 1000 ლარიან პენსიას, ჩვენი პენსიონერები იმსახურებენ ცხოვრების ევროპულ სტანდარტს, იმსახურებენ, რომ მათ ჰქონდეთ საშუალება, საკუთარ შვილიშვილებთან ერთად გაისეირნონ, წავიდნენ მუზეუმში, კინოთეატრებში და სწორედ ამიტომ ჩვენ აუცილებლად გვექნება შესაძლებლობა, რომ მივცეთ 1000 ლარიანი პენსია.
აქვე, უნდა გვახსოვდეს, რომ ეროვნულმა ბანკმა არაფერი გააკეთა პენსიონერების უფლებების დასაცავად, თვალი დახუჭა ამ მძიმე პრობლემაზე და შესაბამისად, „ქართული ოცნებაც“ თვალს ხუჭავს პენსიონერების მძიმე პრობლემაზე. ამის გამო, მათ პასუხი უნდა აგონ 26 ოქტომბერს, - განაცხადა ქეთი თურაზაშვილმა.