ოპოზიცია ზუგდიდის თავდასხმაზე - “ოცნება“ ძალადობით ცდილობს ოპოზიციური პარტიების შინაარსობრივი კამპანიები გადაფაროს
ოპოზიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე თავდასხმას “ოცნების“ მხრიდან ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური საარჩევნო გარემოს შექმნას უკავშირებს და აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი ამით ოპოზიციური პარტიების შინაარსობრივი კამპანიების გადაფარვას ცდილობს.
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ “ოცნებას“ ძალადობის გარდა აღარაფერი დარჩენია და აპირებს, რომ “ქვეყანში პუტინიზმი დაამყაროს.“
“ოცნება“ დევნის კრიტიკულ აზრს და თავს ესხმის ოპოზიციონერებს, ზუგდიდის თავდასხმა კიდევ ერთი მაგალითია, რომ ძალადობით ცდილობს “ოცნება“ გადაფაროს ოპოზიციური პარტიების შინაარსობრივი კამპანიები. ერთი რამე ცხადია - მათ ძალადობის გარდა აღარაფერი დარჩენიათ რეალური, რისი შეთავაზებაც შეუძლიათ მოქალაქეებისთვის. ძალადობს და ჰპირდება საზოგადოებას, რომ ყველას დაიჭერს, ვისაც ექნება განსხვავებული აზრი. ის აპირებს, რომ ამ ქვეყანაში დაამყაროს პუტინიზმი“,- განაცხადა კუპრაძემ.
“გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბერდია სიჭინავა მოუწოდებს ხელისუფლებას, შექმნას მშვიდი, თავისუფალი საარჩევნო გარემო, რათა მოქალაქეებმა მშვიდ ვითარებაში შეძლონ არჩევანის დაფიქსირება.
ხელისუფლება ყოველთვის შეეცდება დაძაბული პოლიტიკური საარჩევნო გარემოს შექმნას ქვეყანაში, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება წინ და იციან, რომ მოსახლეობაში არ აქვთ მხარდაჭერა. შესაბამისად, ასეთი ტიპის ფაქტებს, თავდამსხმას ოპონენტებზე , რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ემიჯნება და ხელისუფლებას მოუწოდებს შექმნას მშვიდი, თავისუფალი საარჩევნო გარემო, რათა მოქალაქეებმა მშვიდ ვითარებაში შეძლონ არჩევანის დაფიქსირება“, - ამბობს ბერდია სიჭინავა.
შეგახსენებთ, რომ თავდასხმა ბარამიას ქუჩაზე გუშინ, ღამით მოხდა, სადაც პარტიის წევრები, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო ტიპის ბუკლეტებს არიგებდნენ.
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის მტკიცებით, 50 - მდე “ოცნების“ მაისურიანი პირები მათთან მივარდნენ, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც წითლიძე ამბობს, ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელიც თავდასხმის მსხვერპლი გახდა, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.