გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ მამუკა ხაზარაძესთან მოლაპარაკებები მან ჩაშალა
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ მამუკა ხაზარაძესთან და "ძლიერ საქართველოსთან" მოლაპარაკები მან ჩაშალა.
ექსპრემიერი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების პროცესის არჩევნებამდე ასე ახლოს დაწყება შეცდომა იყო. მისივე თქმით, მათმა გუნდმა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უარი თქვა, როგორც პარტიაზე, ასევე პარტიულ ნომერზე, თუმცა ამ კომპრომისებმა მეორე მხარეს "მადა აღუძრა", რამაც მოლაპარაკებების პროცესი ჩიხში შეიყვანა.
ამ მოლაპარაკებების პროცესის არჩევნებამდე ასე ახლოს და მოუმზადებლად, ცესკოს სიების წარდგენამდე ერთი კვირით ადრე დაწყება იყო შეცდომა, თუმცა ჩვენი მხრიდან პრეზიდენტის ამ შემოთავაზებაზე უარის თქმაც, რა თქმა უნდა, არ იყო სწორი. მე ეს მოლაპარაკებები უფრო ადრე უნდა დამესრულებინა, მაშინვე, როგორც კი ვერ მოხერხდა ნეიტრალურ პლატფორმაზე შეთანხმება. საკითხის დათმობამ მეორე მხარის სიხარბე წაახალისა და მან პროცესი შეიყვან ჩიხში.
გუშინ დაწყებულმა შავმა პიარმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მიზანი გახდა არა სამართლიანი შეთანხმების მიღწევა, არამედ ის, თუ ვის დაბრალდებოდა შეთანხმების ჩაშლა. დიახ, წერტილი დავსვი მე. მე წერტილი დავსვი იმიტომ, რომ მიზანი გადამერჩინა. ჩვენი ორი გუნდის სამომავლო შესაძლო სამართლიანი ეფექტური თანამშრომლობის პერსპექტივა როგორც მთავარი ინსტრუმენტის ქვეყანაში პოლარიზაციის და ორპოლუსიანობის დაწყების. წერტილი დავსვი იმიტომ, რომ მოლაპარაკებების დაწყების მიზანი შევიდა ჩიხში. სამწუხაროდ, თავდაპირველი მიზანი დაიკარგა სიხარბეში. ვიღაცისთვის მთავარი მიზანი გახდა მოლაპარაკებების ჩაშლის მეორე მხარისთვის დაბრალება, სხვებისთვის კი ნებისმიერ ფასად ნებისმიერი ქაღალდის ხელმოწერა.
ჩვენ აქამდე არ გვისაუბრია საჯაროდ მოლაპარაკებების საკითხებზე. გავუფრთხილდით როგორც თავდაპირველ მიზანს, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის დღესაც. ასევე მეორე მხრივ, რომელთანაც მომავალში პოზიტიურ თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, ვაპირებთ. ახლაც ვსაუბრობთ მოლაპარაკებების მხოლოდ იმ პრინციპებზე, რაც ერთის მხრივ დააკმაყოფილებს საზოგადოების სამართლიან ინტერესს და მეორეს მხრივ, შეინარჩუნებს ჩვენი მომავალში თანამშრომლობის პერსპექტივას", - თქვა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა.
გახარიას თქმით, მოლაპარაკების ის ეტაპი, რომელიც მამუკა ხაზარაძესა და „ძლიერ საქართველოსთან“ „ძველი პრინციპებით“ მიმდინარეობდა, დასრულებულია.
პარტია "საქართველოსთვის ლიდერი მამუკა ხაზარაძესთან მოლაპარაკებების განახლებისთვის სამ პრინციპს ასახელებს
რას არ დათანხმდა ხაზარაძე? ნეიტრალურ პლატფორმას. თქვა, რომ მას ბევრი მილიონი აქვს ჩადებული „ლელოში“, ამიტომ ნეიტრალური პლატფორმა ამის და დროის სიმცირის გამო არის შეუძლებელი. გადაწყვეტილების მიღების პარიტეტულ, სამართლიან პრინციპს - ითქვა, რომ იქ კოალიცია და ბევრი სუბიექტები არიან და ამ სუბიექტებს შორის ურთიერთობა მაშინაც და დღესაც არის გაურკვეველი. კოალიციის დაუშვებლობის პრინციპს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“, არამედ „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვაყენებდით პარტიულ ინტერესებზე მაღლა, ჩვენ უარი ვთქვით ყველაფერზე - პარტიაზე და პარტიულ ნომერზე, რამაც საპასუხო კომპრომისის ნაცვლად კიდევ უფრო მეტი ვადა აღუძრა მეორე მხარეს და საბოლოოდ და სრულად ააცილა ეს მოლაპარაკებები მიზანს.
ამიტომ, ჩვენ ვუბრუნდებით თავდაპირველ მიზანს და ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელ პრინციპებს. საჯაროდ ვაცხადებთ ჩვენს მზაობას შემდეგი პრინციპებით: 1 - ნეიტრალური პლატფორმა და ვთვლით, რომ ეს არის სამართლიანი და უსაფრთხო ყველასთვის. 2 - გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი, პარიტეტული პრინციპი. 3- კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ისე ენმ-თან.
მე მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს, მე მადლობას ვუხდი მამუკა ხაზარაძეს. ეს პროცესი თავად იყო პოზიტიური, რამაც გახადა შესაძლებელი და გააძლიერა შესაძლებლობა მომავალში ჩვენი თანამშრომლობის. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამჟამინდელმა სამწუხარო პროცესმა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, იმედგაცრუება არ გამოიწვიოს, - განაცხადა გიორგი გახარიამ.