"ოცნება" ადმინისტრაციულ რესურსს ბოროტად იყენებს - რაზე საუბრობენ მესამე სექტორში
მესამე სექტორი "ქართულ ოცნებას" ადამიანების იძულებასა და დაშინებაში ადანაშაულებს - სამოქალაქო საზოგადოება რეგიონში გამართულ მმართველი პარტიის ყრილობებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ივანიშვილის გუნდი წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსებს ბოროტად იყენებს.
საზოგადოებრივი პლატფორმის "საქართველო ევროპული ორბიტის" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია დარწმუნებულია, რომ "ოცნებას" ყრილობაზე სხვადასხვა რეგიონიდან ადამიანები სამსახურის დაკარგვის შიშის საფუძველზე ჩამოჰყავს.
საჯარო სექტორში დასაქმებული პირები - პედაგოგები, ფსიქოლოგები თუ სხვა პროფესიის ადამიანები, ორგანიზებულად, სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოჰყავთ სააგიტაციო შეხვედრაზე მონაწილეობის მისაღებად, ფაქტია, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხდება და ადამიანები იძულებისა თუ სამსახურის დაკარგვის შიშით თანამშრომლობენ ამ საკითხებზე", - ამბობს ნინო ლომჯარია.
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე კი მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება ოპოზიციურ სპექტრს არათანაბარ პირობებში აყენებს.
ჩვენ ვნახეთ მობილიზება, არა მხოლოდ იმ ქალაქებში, სადაც იმართება შეხვედრები, არამედ მათი ტრანსპორტირება სხვადასხვა მომიჯნავე ქალაქებიდანაც და ჩვენ ვთქვით, რომ, ხშირ შემთხვევაში, ეს უკავშირდება სწორედ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, იმიტომ, რომ არათანაბარ პირობებში აყენებს. ნაკლებად აქვს შესაძლებლობა ოპოზიციურ პარტიებს ასეთი ტიპის რესურსის მობილიზების, მაშინ, როდესაც მმართველი პარტია იყენებს ამ რესურსს", - ამბობს ნინო დოლიძე.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი კი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს მოქალაქეები წინასაარჩევნო კამპანიაში მათი ნების საწინააღმდეგოდ მონაწილეობდნენ.
იმის გათვალისწინებით, რომ ეს პირები ამა თუ იმ ფორმით დაქვემდებარებულნი არიან პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, ლოგიკურია, რომ მაღალია რისკი, რომ მათი ნების საწინააღმდეგოდ მონაწილეობდნენ წინასაარჩევნო კამპანიაში. სულ რომ არ იყოს ეს კანონთან შეუსაბამობა, ამ შემთხვევაშიც, სახეზე გვაქვს უკვე მობილიზების ამ ფორმით, საჯარო სამსახურის, განსაკუთრებული პოლიტიზება, რაც კატეგორიულად მიუღებელია", - ამბობს მესამე სექტორის წარმომადგენელი.