"ამერიკის ხმა": შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა
სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ - "ამერიკის ხმის" ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარისთვის სანქციები შემუშავებული აქვს და მის დაწესებას უახლოეს მომავალში განიხილავს.
როგორც "ამერიკის ხმას" შტატების მთავრობის მაღალი თანამდებობის ორი პირი და ადმინისტრაციასთან დაახლოებული კიდევ ორი წყარო უყვება, სანქციების პაკეტზე მუშაობას ამერიკის ხაზინის და სახელმწიფო დეპარტამენტები წარმართავენ.
ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მან [ბიძინა ივანიშვილმა] გადადგა ნაბიჯები, რათა განევითარებინა ურთიერთობები რუს ოლიგარქებთან, გადადგა ნაბიჯები, რათა რუსეთისთვის მიეცა უკეთესი წვდომა საქართველოს ბაზრისთვის. ფაქტობრივად, მან გარკვეული ქმედებები რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მითითებით გაატარა”, - ამბობს ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი “ამერიკის ხმასთან” სატელეფონო საუბარში, ანონიმურობის დაცვის პირობით.
ანონიმური წყარო იუწყება, რომ სანქციების ბაზისია 14024-ე განკარგულება, რომელსაც აქვს ფართო უფლებამოსილებები, რომ მასში სწორედ ის პირები მოხვდნენ, როლმებიც საკუთარი ქმედებებით დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ღირებულებებს ძირს უთხრიან და საერთაშორისო კორუფციაში ჩართულები არიან.
"არსებობს აქტივობების მთელი რიგი, რომელიც სანქციებს ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ ის რუსეთის ფედერაციისთვის სასარგებლო იქნება".
14024-ე აღმასრულებელი განკარგულება, რომელიც 2021 წლის 15 აპრილს გამოსცა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მოგვიანებით იქნა შესწორებული, აწესებს საგანგებო მდგომარეობას და სამართლებრივ საფუძველს უქმნის სანქციების დაწესებას იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის ფედერაციის საზიანო საგარეო საქმიანობაში.
ეს საქმიანობები მოიცავს დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრას, კიბერთავდასხმებს, არჩევნებში ჩარევას და სხვა დესტაბილიზაციურ მოქმედებებს უცხო ქვეყნებში.
აშშ-ს მთავრობას აქვს მომზადებული სანქციების პაკეტი და მზად არის მიიღოს ის“, - განუმარტავს ადმინისტრაციასთან დაახლოებული კიდევ ერთი წყარო „ამერიკის ხმას“, რომელიც ასევე ანონიმურობის დაცვის პირობით საუბრობს, უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე. სანქციებს „მოჰყავს არგუმენტად მთელი რიგი საკითხები, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირი გამოთხრა და ასევე საერთაშორისო კორუფცია, რომელსაც სარგებელი მოაქვს რუსეთის ფედერაციისთვის“, - ამბობს წყარო, რომელიც ამერიკის მთავრობის შიგნით მიმდინარე დისკუსიის შესახებ ინფორმირებული და იცნობს შემუშავებულ პაკეტს.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ადმინისტრაციასთან დაახლოებული წყარო "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ სანქციების დაწესებისთვის საჭირო ბარიერის გადასალახად აუცილებელია, რომ შავ სიაში შესაყვან ობიექტს რუსეთთან ღრმა კავშირები აღმოაჩნდეს.
იმისთვის, რომ გადაილახოს სანქციების დაწესებისთვის საჭირო ბარიერი, საჭიროა ადმინისტრაციამ დაამტკიცოს, რომ [სანქციების ობიექტის] ქმედებებმა კანონიერი ბარიერის გადალახა, რათა აჩვენოს, რომ ამ საქმიანობას რუსეთისთვის აშკარა სარგებელი მოაქვს და ადმინისტრაციამ ეს გააკეთა", - ამბობს ადმინისტრაციასთან დაახლოებული წყარო.
განკარგულებით, სანქციები წესდება შემდეგ შემთხვევაში:
- პირები ან ორგანიზაციები, რომლებიც ჩართულნი არიან მავნე კიბერაქტივობებში ან დეზინფორმაციულ კამპანიებში.
- ისინი, ვინც ჩართული არიან აშშ-სა და მისი მოკავშირეების დემოკრატიული ინსტიტუტებისა თუ პროცესებისთვის ძირის გამოთხრაში.
- ორგანიზაციები ან პირები, რომლებიც მოქმედებენ რუსეთის ეკონომიკის გარკვეულ სექტორებში, როგორიცაა თავდაცვა და ენერგეტიკა.
- პირები ან ორგანიზაციები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ოკუპაციას ან აგრესიას უკრაინაში.
- ყველა, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევებზე, კორუფციასა და რეპრესიებზე, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთთან.
დრო, თუ როდის ამოქმედდება სანქციები, ამას შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირები არ ასახელებენ. ისინი არც იმას აკონკრეტებენ, სანქციები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, თუ არჩევნების შემდეგ დაწესდება.