30 ევროპარლამენტარმა ევროკომისარ ვარჰეის საქართველოში შექმნილი საგანგაშო ვითარების გამო მიმართა

20.09.24 21:05
30 ევროპარლამენტარმა ევროკომისარ ვარჰეის საქართველოში შექმნილი საგანგაშო ვითარების გამო მიმართა

სქართველოში შექმნილი საგანგაშო სიტუაციის ფონზე, 30-მა ევროპარლამენტარმა ევროკომისარ ვარჰეის მიმართა - ოფიციალურ წერილს ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდ კოლსი პლატფორმა "X"-ზე აქვეყნებს.

წერილში ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო, აუცილებელია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უფრო ძლიერი სადამკვირვებლო მისია იყოს მობილიზებული.

ევროპარლამენტარები "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელ ქმედებებს "ავტორიტარულად" აფასებენ და წერენ, რომ ქართველი ხალხის პროდავასლური მისწრაფებები, მმართველი პარტიის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო, ძირის გამოთხრის საფრთხის წინაშეა.

ჩვენ, ხელმომწერი წევრები, ხაზს ვუსვამთ ევროკავშირის მტკიცე და გადამწყვეტი რეაგირების აუცილებლობას საქართველოს მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით. მოგიწოდებთ ნათლად განმარტოთ, რომ დემოკრატიულ პროცესებში ნებისმიერი ჩარევა გამოიწვევს მყისიერ და მძიმე შედეგებს. ეს არჩევნები არ არის მხოლოდ ეროვნული საზრუნავი საქართველოსთვის. ეს არის გადამწყვეტი მომენტი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებთან ურთიერთობაში, განსაკუთრებით ევროკავშირსა და რუსეთს შორის მიმდინარე გეოპოლიტიკური შეჯიბრის გათვალისწინებით, რეგიონში გავლენისთვის.

საქართველოს უკავია უნიკალური პოზიცია ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე. მისი პროდასავლური მისწრაფებები, რომელსაც ქართველების 80% უჭერს მხარს ძირის გამოთხრის საფრთხის წინაშეა "ქართული ოცნების" მთავრობის ბოლოდროინდელი ავტორიტარული ნაბიჯების გამო", - ვკითხულობთ წერილში.

ევროპარლამენტარები რუსული კანონის მიღების გამო შეშფოთებას გამოხატავენ და დარმუნებულები არიან, რომ რუსული სულისკვეთების მქონე კანონი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზებასა და შევიწროებას ისახავს მიზნად.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის თქმით, ეს კანონი გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით არის შექმნილი, ფინანსთა სამინისტრო უკვე აკონტროლებს უცხოური დაფინანსებით დაფინანსებული ორგანიზაციების ფინანსურ საქმიანობას. ამრიგად, ეს კანონი, როგორც ჩანს, არის არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის საშუალება, რომლებიც იღებენ უცხოურ დაფინანსებას და მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ასეთი ტაქტიკა წააგავს ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის ტაქტიკას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ პროცესებს.

ამ საგანგაშო სიტუაციის საპასუხოდ, ჩვენ გთავაზობთ, პირველ რიგში, გაძლიერებულ სადამკვირვებლო მისიას. ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისია განსაკუთრებულად უნდა გაფართოვდეს ურბანულ ცენტრებს მიღმა, სოფლებში, სადაც უფრო მეტად მოსალოდნელია საარჩევნოდ დარღვევები. დამკვირვებლები უნდა იმყოფებოდნენ არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ წინასაარჩევნო და შემდგომ პერიოდში, რადგან მანიპულირება ხშირად ხდება კამპანიის დროს ან შედეგების გამოცხადების შემდეგ", - ნათქვამია წერილში.

საქართველოში არჩევნების არადემოკრატიულად წარმართვის შემთხვევაში, ევროპარლამენტარები ვარჰეის 4-პუნქტიან სამოქმედო გეგმას სთავაზობენ:

  • ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება: თუ იარსებებს არჩევნების გაყალბების, ოპოზიციის ჩახშობის ან საარჩევნო პროცესში ჩარევის სანდო მტკიცებულება, ევროკავშირი მზად უნდა იყოს შეაჩეროს ფინანსური დახმარება საქართველოს მთავრობისთვის. ეს მოიცავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში გრანტებისა და სესხების შეჩერებას და სავაჭრო შეთანხმებების გადახედვას, როგორიცაა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი (DCFTA). სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარება უცვლელი უნდა დარჩეს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.
  • სანქციები ძირითადი პირების მიმართ: ევროკავშირმა უნდა დააწესოს მიზანმიმართული სანქციები საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის მაღალჩინოსნებზე, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელი დემოკრატიული პროცესის შელახვაზე. ეს იქნება მკაფიო გზავნილი, რომ ევროკავშირი არ მოითმენს ქმედებებს, რომლებიც ანადგურებს დემოკრატიას. სანქციები შეიძლება მოიცავდეს აქტივების გაყინვას, ვიზის აკრძალვას და მოგზაურობის შეზღუდვას.
  • საქართველოს ევროკავშირში კანდიდატურის ფორმალური მიმოხილვა: თუ არჩევნები ვერ დააკმაყოფილებს სამართლიანობისა და გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტებს, ევროკავშირმა უნდა დაიწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზის ოფიციალური გადახედვა. ამ მიმოხილვამ უნდა შეაფასოს, შეესაბამება თუ არა მმართველი პარტიის ქმედებები კანდიდატი ქვეყნებისთვის საჭირო დემოკრატიულ პრინციპებს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ დემოკრატიული ნორმებიდან გადახრებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროპულ მომავალს.
  • სახალხო დიპლომატია და კომუნიკაცია: ევროკავშირმა თავისი შეშფოთება აქტიურად უნდა მიაწოდოს არა მხოლოდ საქართველოს მთავრობას, არამედ ქართველ ხალხსაც. საჯარო განცხადებებმა და მაღალი დონის დიპლომატიურმა ვიზიტებმა უნდა გაამახვილოს ყურადღება, რომ ევროკავშირი დგას საქართველოს მოქალაქეების გვერდით მათ სწრაფვაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ევროპული ინტეგრაციისკენ. 

მსგავსი სიახლეები