თავდასხმაში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებული მყავს, ვითხოვთ მუხლის გადაკვალიფიცირებას - წითლიძე
ზუგდიდის პოლიციის განყოფილებაში ანი წითლიძე გვიან ღამემდე იკითხებოდა - "ერთიანობის" წარმომადგენელმა გამომძიებელს იმ თავდამსხმელების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებმაც ოპოზიციურ გაერთიანებას საარჩევნო კამპანია ჩაუშალეს და მათზე ფიზიკურად იძალადეს.
წითლიძეს თითოეული მათგანი უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს, გამოძიებას კი ამ დრომდე არც ერთი მათგანი არც დაუკავებია და არც გამოკითხვაზე დაუბარებია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დამნაშავეების დასჯასა და იმ მუხლის გადაკვალიფირებას ითხოვს, რომლითაც გამოძიება დაიწყო.
დეტალურად მივაწოდე ის ინფორმაცია, რაც მქონდა, ყველა ის იდენტიფიცირებული პირი, რომელიც მონაწილეობდა ამ თავდასხმაში და ვინც აორგანიზებდა ამ თავდასხმას და ვითხოვეთ, რომ გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება დაიწყოს 225-ე, 325-ე და 161-ე მუხლებით. ეს არის ორგანიზებული კრიმინალური ბანდის მიერ შეკრების და მანიფესტაციის უფლების დარღვევა და შესაბამისად, სახელმწიფო პოლიტიკურ პირზე ძალადობა და ახალგაზრდების ცემა. თავადაც აქვთ ის კადრები, რაც ტელევიზიაში გავიდა და მათ შორის ის კადრები, რომლებიც პოლიციას თავად აქვს სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული", - ამბობს ანა წითლიძე.
შეგახსენებთ, რომ თავდასხმა ბარამიას ქუჩაზე 19 სექტემბერს, ღამით მოხდა, სადაც პარტიის წევრები, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო ტიპის ბუკლეტებს არიგებდნენ.
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის მტკიცებით, “ოცნების“ 50-მდე მაისურიანი პირები მათთან მივარდნენ, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.