ობოლაძე: "ოცნების” პირობებში ყველა ის სიკეთე ქრება, რასაც ევროკავშირისგან ვიღებთ, სანქცირებული ხელისუფლების პირობებში ქვეყანა იზოლაციის გზით მიდის

21.09.24 13:36
ობოლაძე: "ოცნების” პირობებში ყველა ის სიკეთე ქრება, რასაც ევროკავშირისგან ვიღებთ, სანქცირებული ხელისუფლების პირობებში ქვეყანა იზოლაციის გზით მიდის

"ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ქრება ყველა ის სიკეთე, რასაც ვიღებთ ევროკავშირისგან, მათ შორის, წვდომა 14 მილიარდ ევროზე -  სანქცირებული ხელისუფლების პირობებში ქვეყანა მიდის იზოლაციის გზით, ჩვენი ვალია შევცვალოთ ხელისუფლება 26 ოქტომბერს", - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ეკონომიკურმა მდივანმა,  ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

ნიკა ობოლაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ აქვს გაცხადებული თავისი სურვილები, რომლებიც ქვეყანას აზიანებს და ევროპულ პერსპექტივას უსპობს. 

"ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა საკუთარი სურვილების შესახებ: ის არ ჰპირდება ხალხს ევროპას, კეთილდღეობას, 14 მილიარდს; ის ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში საქართველოში გააუქმებს პოლიტიკურ ოპოზიციას და აკრძალავს არასამთავრობო სექტორს. ოცნების საგარეო პოლიტიკა არის მოღალატეობრივი, რომელიც მტერს ბოდიშს უხდის და მეგობარს მტრად ასაღებს და ეს პოლიტიკა ფუნდამენტურად აცდენილია ქართულ და ევროპულ კურსს.

ამიტომ, სამწუხაროდ, ბუნებრივია, რომ “ქართული ოცნების”  ხელისუფლების პირობებში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ყველა ის სიკეთე, რასაც ვიღებთ ევროპის კავშირისგან.

სანქცირებული ხელისუფლების პირობებში ქვეყანა მიდის იზოლაციისა და სიღატაკის გზით. ჩვენი ვალია შევცვალოთ ხელისუფლება, არათუ შევინარჩუნოთ უვიზო მიმოსვლა, არამედ საქართველო გახდეს ევროპის კავშირის სრულფასოვანი წევრი, მივიღოთ წვდომა 14 მილიარდზე და ქართველმა ხალხმა საკუთარ ქვეყანაში იცხოვროს ღირსეულად", - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ეკონომიკურმა მდივანმა ნიკა ობოლაძემ.
 

მსგავსი სიახლეები