მეუფე იაკობი: ვინც საქართველოს წინააღმდეგ წავა, ყველას მივხედავთ, ჭკვიანად იყვნენ!

21.09.24 14:46
მეუფე იაკობი: ვინც საქართველოს წინააღმდეგ წავა, ყველას მივხედავთ, ჭკვიანად იყვნენ!

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჭოტორის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ქადაგებისას საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს მიმართა - ღვთისმსახურმა დასავლელ მეგობრებს მოუწოდა, რომ ქვეყნის შიდა საკითხებში ჩარევისგან თავი შეიკავონ და საკუთარ საქმეს მიხედონ.

"რომელი ავტორიტეტები ეგენი არიან ჭკუა დაგვარიგონ" - განაცხადა მეუფე იაკობმა და აღნიშნა, რომ სწორედ ახლა დადგა დრო, როდესაც საქართველომ მსოფლიოში საკუთარი ადგილი უნდა დაიკავოს. 

ამასთან, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა სტრატეგიული პარტნიორები გააფრთხილა და თქვა, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წავა, ეკლესია ღირსეულ პასუხს გასცემს - "არავის არ ვემუქრებით, მაგრამ ვინც საქართველოს წინააღმდეგ წავა, ყველას მივხედავთ, ჭკვიანად უნდა იყვნენ!".

რომელი ავტორიტეტები ეგენი არიან ჭკუა დაგვარიგონ, ბალტიისპირელებმა თუ ვინ, თავიანთ საქმეს მიხედონ. დაგვიდგა ის დრო, რომ დღევანდელ მსოფლიოში ქართველებს ჩვენი ადგილი გვქონდეს. იმპერიობას კი არ ვაპირებთ, მაგრამ დაგვაფასეთ რა! ამიტომ ღმერთმა დიდი ძალა, რომ მოგცა ნუ დამიწყებ დაჩაგვრას, იცოდეთ, რომ ქართული ეკლესია იქ იქნება სადაც ქართველი ხალხი იდგება, არცერთ ლიდერს არ გაჰყვება, თქვენთან ერთად იდგება, სისხლის ბოლო წვეთამდე და სული რომ აღმოგვხდება, მაინც თქვენთან ვიქნებით, არაფრის არ შეგეშინდეთ, ეს დროც გასავლელი გვაქვს. როგორც მეგობრები ან დაშორდებიან ან რაიმე იქნება, არცერთი ერის ვალი არ გვაქვს, თუ რამე იყო კონტრიბუციით ხან ავღანეთში დავყავდით და დღეს თურმე შესაძლოა ჩვენ ჯარს დახმარებაც შეუწყვიტონ, ჯარი მთავრობის ხომ არ არის, ის ჩვენია.

არავის არ ვემუქრებით, მაგრამ ვინც საქართველოს წინააღმდეგ წავა, ყველას მივხედავთ, ჭკვიანად უნდა იყვნენ! დღევანდელ დღემდე ისე მოვედით, სულ ჩვენი დაჩაგრა უნდოდათ, მაგრამ მაინც გადავრჩით, ვენახებს გვიწვავდნენ და გვიჩეხავდნენ, მაინც ვაშენებდით, ნუ დაგვამადლის ნურავინ ნურაფერს, თუ ჩვენთან მეგობრობა უნდათ იმეგობრონ, არ უნდათ და ოთხივე მხარეს გზა ხსნილია, ჩვენ მთავარია თავისუფლება ავირჩიოთ და სადაც თავისუფლების დიდი ხარისხია, იმათთან კარგად უნდა ვიყოთ, ცუდად ყოფნის უფლება არ გვაქვს ვინმესთან, მცირერიცხოვანი ერი ვართ და გადაგვივლიან. არავის არაფერს არ ვუშავებთ და რა დღეში ვართ, გადახედეთ თქვენს ნერვებს.

მინდა მივმართო იმას, კაპასი დედაკაცივით რომ ლაპარაკობს, გერმანელს, მე არ მეშინია ამის თქმის, არ შემიშვებენ ევროპაში არც მჭირდება, რუსეთში ისედაც არ დავდივარ, საბჭოთა კავშირის დროსაც არ დავდიოდი, თვითონ იკითხონ, თუ ჩვენნაირი ადამიანები დაკარგეს“,- განაცხადა მეუფემ.

მსგავსი სიახლეები