ჩვენი ტრადიციული ქვევრის ღვინო გახდება ყველაზე პოპულარული ღვინო მსოფლიოში - გიორგი ბოტკოველი
"ერთხელ და სამუდამოდ, კახელი მევენახე ქარხანაში ყურძნის ჩამბარებლიდან უნდა ვაქციოთ მეწარმედ, რომელსაც ექნება ღვინო, იქნება პოპულარული და გაიცნობს მსოფლიო, სწორედ ამაზე ზრუნავდა მიხეილ სააკაშვილი და დარწმუნებული ვარ რომ მას, თითოეულ ჩვენგანს, გვექნება ამის შესაძლებლობა, ჩვენ გავატარებთ ამ ღონისძიებებს და ჩვენი ტრადიციული ქვევრის ღვინო გახდება ყველაზე პოპულარული ღვინო მსოფლიოში", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
"ჩემო ძვირფასო კახელებო, ახლა გიყურებთ სახეებზე და ვხედავ, რომ უმეტესობა თქვენგანი უკვე ნაშრომები ხართ და დიდი ჯაფა გაქვთ გამოვლილი. ჩვენ სიმბოლურად ვიმყოფებით ილია ჭავჭავაძის, ფაქტობრივად, მამულებში: ადგილზე, სადაც დაიბადა, გაიზარდა და ამაყობდა ამ ლამაზი მთებით, ბუნებით. ილია იყო ადამიანი, რომელმაც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში თქვა, რას ნიშნავს ევროპული განათლება, ევროპული კეთილდღეობა. სიმბოლურია ასევე, რომ ჩვენ ვიმყოფებით იმ ადგილას, საიდანაც სულ რაღაც ასეულობით მეტრში არის მიხეილ სააკაშვილის მარანი. ეს მარანი მან იმიტომ შექმნა და იმიტომ არის, რომ ამ მარნით სურდა ქართული ღვინის პოპულარიზაცია. იქ ჩამოდიოდნენ და, დარწმუნებული ვარ, კიდევ ჩამოვლენ ძალიან ბევრი ქვეყნის პრეზიდენტები, აშშ-ის სენატორები, კონგრესმენები, ევროპარლამენტარები ჩამოდიოდნენ, აქ აგემოვნებდნენ კახურ ღვინოს და შემდეგ გაჰქონდათ ის თავიანთ სამშობლოში. სწორედ ასე უნდა მიუდგეს პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება ხალხთან დამოკიდებულებას, ასე უნდა იზრუნოს დარგის განვითარებაზე. აგერ არის წარმოდგენილი ჩვენი გეგმა, რომელსაც ჩვენ შევიტანთ თითოეულ ოჯახში და სადაც გაწერილია, როგორ შეიძლება შრომას ჰქონდეს ფასი, კახეთში მოწეულ ყურძენს ჰქონდეს ფასი. ხელისუფლება ფასს არ უნდა აწესებდეს და თავისი მაფიოზური კლანის გამდიდრებისთვის არ უნდა ზრუნავდეს, რათა კახური ღვინის მოსავალი შემდგომ სპირტად აქციოს და გამდიდრდეს ისევ ივანიშვილი, ისევ ივანიშვილის ოჯახი და კლანი, არა! ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ პოპულარული გახდეს კახური ღვინო და პოპულარობა ნიშნავს იმას, რომ მეტი საოჯახო მარანი უნდა შეიქმნას. ერთხელ და სამუდამოდ, კახელი მევენახე ქარხანაში ყურძნის ჩამბარებლიდან უნდა ვაქციოთ მეწარმედ, რომელსაც ექნება ღვინო, იქნება პოპულარული და გაიცნობს მსოფლიო. სწორედ ამაზე ზრუნავდა მიხეილ სააკაშვილი და დარწმუნებული ვარ რომ მას, თითოეულ ჩვენგანს, გვექნება ამის შესაძლებლობა და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში, კახეთში, ყურძნის ფასი უნდა იყოს რქაწითელის შემთხვევაში 2 ლარი - 2 ლარი და 50 თეთრი, ხოლო საფერავის შემთხვევაში სამი ლარი - სამი ლარი და 50 თეთრი. როგორ შეგვიძლია ეს? აი, ამ გეგმის გატარებით, როდესაც ჩვენ შევძლებთ, რომ ევროკავშირიდან მოვიზიდოთ მინიმუმ, 120 მილიონი დოლარი პირველივე წელს, რითაც შეგვეძლება დავაფინანსოთ, მინიმუმ, 2.000 მცირე საწარმო, გლეხის საწარმო და არა იმ გაზულუქებულების საწარმოები, რომლებიც მხოლოდ თავიანთი გამდიდრებისთვის იბრძვიან. ჩვენ გავატარებთ ამ ღონისძიებებს და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ტრადიციული ქვევრის ღვინო გახდება ყველაზე პოპულარული ღვინო მსოფლიოში და შევძლებთ იმას, რომ ქართულ ღვინოზე ლაპარაკობდეს და მისი დაგემოვნების სურვილს გამოთქვამდეს სულ უფრო მეტი ადამიანი. და ამას შევძლებთ, რასაკვირველია, იმ წინაპირობით, რომელიც შექმნა ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც შექმნა აი ეს გარემო აქ და ბევრ ადამიანს ახსოვს, როგორ ვაშენებდით ამ ინფრასტრუქტურას ილიას ტბაზე. აქ, პირდაპირ არის ილიას ძეგლი, რომელმაც თქვა, თუ რატომ გვინდა ჩვენ ევროპა, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ის ამბობდა: "ევროპა არის გაცილებით წინ წასული, უფრო მდიდარია, უფრო ბედნიერია, უფრო მეტი სიკეთისა და მადნის უფრო მდიდარია, უფრო ბედნიერია, უფრო ბევრის სიკეთისა და მადლის მპყრობელია, უფრო ძალოვანი და ღონიერია". სწორედ ამიტომ გვინდა ევროპა, და სწორედ ამიტომ ამბობდა ილია თავად: "ეს ერთი მუჭა ხალხი რამ შეგვინახა? ხმალმა, ვაზმა და გუთანმა". ჩვენ არ გვეზარება შრომა, ყოველდღიური გარჯა იმისთვის, რომ არამარტო საკუთარი ოჯახები შევინახოთ, არამედ იმისთვის, რომ შევქმნათ სახელმწიფო დოვლათი, რომელიც იქნება ჩვენი გზა ევროკავშირისკენ და ევროპული კეთილდღეობისკენ", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა.