როგორ დაიწყო კესარიას გზა - ვინ არის ქალი, ვისაც მოდელი დედობილს ეძახდა?

21.09.24 21:08
როგორ დაიწყო კესარიას გზა - ვინ არის ქალი, ვისაც მოდელი დედობილს ეძახდა?

დიღომში სასტიკად მოკლულ მოდელს, კესარია აბრამიძეს კვირას დაკრძალავენ, მანამდე ტელეწამყვანს მეგობრები და მეზობლები ემშვიდობებიან -  კესარიას ისტორია 22 წლის წინ დაიწყო, როდესაც ვანის რაიონიდან დედასთან ერთად თბილისში ჩამოვიდა და აღმაშენებლის  გამზირზე ზიზის ცნობილ სალონში სამსახურის საძებნელად მივიდა.

21 წლის წინ, ჩემთან სალონში კარი ლამაზმა დედა-შვილმა შემოაღო, კესო მაშინ 15-16 წლის იყო. მოწითალო თმებით, ჭორფლებით, ულამაზესი იყო, ისეთი ლაღი, რომ სულ იცინოდა. ძალიან კომუნიკაბელური იყო. 

ყველაზე მეტად დედამისმა გამაკვირვა - მითხრა, უკვე გაიზარდა და მეშინია, რაიონში პრობლემები არ შეექმნასო. მინდა თბილისში ჩამოვიდეს და პროფესია შეიძინოს, ვიღაცამ უპატრონოს და ვიცი, რომ თქვენ მარტო არ დატოვებთო. 

კესო რომ ასეთი ლაღი, დამოუკიდებელი და კეთილი იყო, ეს  დედამისის დამსახურებაა. ოჯახში მიიღეს ისეთი როგორიც არის. მისი გადაკეთება, შესწორება არავის უცდია"- აცხადებს ზიზი ტატიშვილი. 

ზიზი ტატიშვილს კესარია მეორე დედას ეძახდა. ტრანსგენდერი  ქალისთვის იმ დროინდელ საქართველოში  თავის დამკვიდრება საზოგადოებაში ადვილი არ იყო, ზიზის სალონი კი   კესარიასავით ერთადერთი სივრცე აღმოჩნდა, სადაც თავს ყველაზე დაცულად გრძნობდა.

ჩემი კოლექტივი სულ ბიჭებით იყო დაკომპლექტებული, კესომ ზუსტად ერთ კვირაში დაიპყრო ყველას გული. საღამოობით მორიგეობა დააწესეს, რომ მოკლეკაბიანი კესო მარტო არ წასულიყო და ვინმეს შეურაცხყოფა არ მიეყენებინა. ბიჭები მას მორიგეობით აცილებდნენ"- აცხადებს ზიზი.  

 ზიზი ტატიშვილი მომხდარში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და იმ ზიზღის კამპანიაზე სუაბრობს, რომელიც მაღალი ტრიბუნებიდან იღვრება. 

მაღალი ტრიბუნიდან იღვრება საშინელი პროპაგანდა - ზიზღის, სიძულვილის. რამდენიმე დღის წინ საშინელი კანონი მიიღეს, რომელიც პირდაპირ ტრანსგენდერების წინააღმდეგაა მიმართული. ამ ადამიანებს ეუბნებიან, რომ თქვენ კანონგარეშე ხართ, არ არსებობთ, თქვენ უნდა წახვიდეთ. ასეთ კამპანიას ფაშისტური გერმანია, შემდეგ კი საბჭოთა კავშირი აწარმოებდა. 

ლომის წილია ხელისუფლების, სახელმწიფოსი, ჩვენ ეგენი მორალს ნუ გვიკითხავენ. მომხდარი სახელმწიფოს, მისი პროპაგანდის ბრალია. მისი უაზრო კანონების, მისი სიბინძურის - "კაცი-კაცია", "ქალი-ქალია", რაღაცა სისულელე, რომელიც  ალბათ ზოგიერთებზე მოქმედებს"- ამბობს კესარიას მეგობარი. 

კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმე - მარიამ გაფრინდაშვილის რეპორტაჟი ნახეთ აქ 

 

მსგავსი სიახლეები