აქტიურად ვმუშაობთ ავღანეთში მყოფი საქართველოს რამდენიმე მოქალაქის დაბრუნების საკითხზე - საგარეო

16.08.21 08:32
აქტიურად ვმუშაობთ ავღანეთში მყოფი საქართველოს რამდენიმე მოქალაქის დაბრუნების საკითხზე - საგარეო

საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით, აქტიურად მუშაობს ავღანეთში მყოფი საქართველოს რამდენიმე მოქალაქის დაბრუნების საკითხზე - ამის შესახებ საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. 

ავღანეთში კერძო კონტრაქტორებად მყოფი ჩვენი მოქალაქეები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარების თხოვნით დღეს დაუკავშირდნენ. სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მყისიერად ჩაერთო საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან გამოყვანის სამუშაო პროცესში. 
კომუნიკაცია დამყარდა როგორც პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე დამსაქმებელ კომპანიასთან. მათ შორის, ამჟამადაც ვიმყოფებით აქტიურ კომუნიკაციაში უკრაინულ მხარესთან, რათა მოხდეს მათი საჰაერო ბორტით ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია ავღანეთიდან, რისთვისაც ქართული მხარე დიდ მადლობას უხდის უკრაინის საგარეო უწყებას"- წერია განცხადებაში. 

 "თალიბანმა" 15 აგვისტოს კონტროლი დაამყარა დედაქალაქ ქაბულზე. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.