ფოთის მერიის მაღალჩინოსანი თანამდებობას ტოვებს და გახარიას გუნდს უერთდება
ფოთის მერიის არქიტექტურის სამსახურის ურბანული დაგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსი თამთა დაგარგულია თანამდებობას ტოვებს და გიორგი გახარიას პარტიას უერთდება.
საჯარო სამსახურში საქმიანობის განმავლობაში კეთილსინდისიერად ვემსახურებოდი ქალაქ ფოთს. არ დამიშურებია ძალისხმევა, ჩემი მოკრძალებული წვლილი შემეტანა ქალაქის ურბანული დაგეგმარების საკითხების გადაწყვეტაში.
დღეს კი მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო დაკავებული თანამდებობა. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო თანამშრომლებს ჩემთან ერთად გაწეული შრომისთვის. და ასევე მინდა ვუთხრა თითოეულ საჯარო მოხელეს- არ შეგაშინოთ სამსახურის დაკარგვის მუქარამ, ყველას ვერ გაგათავისუფლებენ (ვიცი, ბევრი მიხვდება რასაც ვგულისხმობ)...დღეს ჩუმად ყოფნამ კი, ნამდვილად შეიძლება საფრთხე შეუქმნას არამხოლოდ თითოეულ ჩვენგანს, არამედ ქვეყნის მომავალს.
მე ვუერთდები გიორგი გახარიას პარტიას "საქართველოსთვის", რათა გუნდთან ერთად ქვეყნის განვითარებაში ჩემი მცირედი წვლილი შევიტანო. მჯერა, ეს თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა. მე ყოველთვის ვიბრძოლებ, რომ სახელმწიფო სამსახურებში ხელი შევუწყოთ ღირსეული, კეთილსინდისიერი, კვალიფიციური კადრების დაფასებასა და წინ სვლას, რისი მიღწევაც ბატონ გიორგისთან და მის გუნდთან ერთად მიმაჩნია შესაძლებელად“,- წერს დაგარგულია.