სანქცირების რისკი, არასანდო, გავლენები სასამართლოზე - რატომ არ მისცეს ივანიშვილს მილიონების განკარგვის უფლება
ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია - ბიძინა ივანიშვილს მისივე მილიონების განკარგვის უფლება არ მიეცა.
მიზეზად "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის "არასანდო რეპუტაცია" დასახელდა.
2024 წლის 29 თებერვალს, ბერმუდის სასამართლოში გამართული მსჯელობისას ბიძინა ივანიშვილი მოიხსენიეს, როგორც სანქცირების რეალური რისკის ქვეშ მყოფი პირი. ხაზი გაესვა მის ქართულ სასამართლო სისტემაზე გადაჭარბებულ გავლენებსაც.
- სასამართლო მსჯელობს შემდეგნაირად: იმ შემთხვევაში თუ ივანიშვილს მისცემენ ფულის გაკარგვის უფლებას და შემდეგ უკვე, სხვა ინსტანციაში "კრედიტ სუისი" მოიგებს, რა გარანტიები არსებობს, რომ ივანიშვილი თანხებს დააბრუნებს.
ბერმუდის სასამართლო საკუთარ გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერს, რომ ივანიშვილი სანქცირების შემთხვევაში, ეცდება მისი ქონების გადამალვას, ამ შემთხვევაში კი ქართული სასამართლოს იმედი არ აქვთ, რადგან მათი თქმით, ქართული სასამართლო მთლიანად "ოცნების" საპატიო თავმჯდომარის გავლენის ქვეშ არის.
სასამართლო განხილვისას ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემა გავლენებისგან "თავისუფალია".
- ივანიშვილი მზად იყო, გარანტიად თანაინვესტირებისა და მისი ოჯახის საინვესტიცო ფონდი ჩაედო, რომელსაც შვეიცარულ ბანკში აქვს ანგარიში, თუმცა ბერმუდის სასამართლომ ეს არგუმენტები დამაჯერებლად არ ჩათვალა.
ბერმუდის სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებას ექსპერტი ირაკლი აბესაძე დეტალურად განმარტავს:
მისი თქმით, ბერმუდის სასამართლომ სამართლებრივი მტკიცებულების ძალა მიანიჭა ევროპარლამენტის, ევროკომისიის, სახელმწიფო დეპარტამენტის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს ქართული სასამართლოში არსებულ მძიმე.
"ბერმუდის სასამართლოს ყურადსაღები და პრეცედენტული გადაწყვეტილება ივანიშვილის შესახებ:
ის აღწერილია როგორც:
- სანქცირების რეალური რისკის ქვეშ მყოფი
- არასანდო
- ქართულ სასამართლო სისტემაზე გადაჭარბებული გავლენის მქონე
ბერმუდის სასამართლომ სამართლებრივი მტკიცებულების ძალა მიანიჭა ევროპარლამენტის, ევროკომისიის, სახელმწიფო დეპარტამენტის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს ქართული სასამართლოში არსებულ მძიმე
პრობლემებზე (ეს მნიშვნელოვანი პრეცედენტია).
მეტი დეტალი
ბერმუდის სასამართლომ ,,Credit Suisse Life”-ის წინააღმდეგ ივანიშვილის სარჩელის განხილვისას, იმსჯელა მიეცა თუ არა ,,Credit Suisse Life”- თვის ლონდონის სასამართლო კომიტეტში (JCPC) გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება და შეეჩერებინა თუ არა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება (2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება). განხილვისას, რამდენად სანდო იყო, რომ ივანიშვილი ლონდონში წაგების შემთხვევაში შეძლებდა სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის დაბრუნებას, დაასკვნა, რომ ბევრი პრობლემა შეუშლიდა ამას ხელს, კერძოდ:
1. არსებობს რისკი, რომ ივანიშვილი დასანქცირდეს; შესაბამისად, იგი ეცდება მთელი აქტივები გადაიტანოს საქართველოში ან გადააფორმოს მესამე პირებზე. თუნდაც ასე არ მოხდეს, გართულდება სანქცირებული პირის ქონებაზე აღსრულება;
2. არსებობს საქართველოში სასამართლო აქტის აღსრულების პოტენციური პრობლემა ივანიშვილის გავლენების გამო. შესაბამისად, ქართულმა სასამართლომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც არ იქნება დამოუკიდებელი ივანიშვილის ჩარევისგან; არსებობს სასამართლო სისტემის პოლიტიზირების მტკიცებულებები. სასამართლო განიხილავს და ეყრდნობა: სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროპარლამენტის, ევროკომისიის, გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეების ოფისის, ფრიდომ ჰაუსის, საერთაშორისო გამჭვირვალობის განცხადებებს/დასკვნებს ქართული სასამართლო სისტემის პრობლემებისა და ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენების შესახებ.
ბერმუდას სასამართლო მსჯელობს, რომ არ აპირებს ეს მტკიცებულებები ცნოს დაუშვებლად (hearsay - ირიბ მტკიცებულებებად) ან მიანიჭოს მცირე მნიშვნელობა მათ.
ბერმუდის სასამართლო, ასევე აფასებს ივანიშვილის მოწმე ექსპერტის, ჯონი ხეცურიანის მოყვანილ არგუმენტებს, რომ ქართული მართლმსაჯულება თავისუფალია ივანიშვილის გავლენისგან და მისთვის უცნობია ფაქტები, რომ ივანიშვილს გავლენა მოეხდინა სამოქალაქო საქმეებზე მისი, მისი ოჯახის ან მისი ბიზნესის სასარგებლოდ და ასკვნის, რომ მოწმის ჩვენება არ აბათილებს ზემოთ მოყვანილ გარემოებებს.
ამასთან, ბერმუდის სასამართლომ შეაფასა ივანიშვილის დაპირებაც, რომ ხელს არ შეუშლიდა ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და არ მოახდენდა ქართულ სასამართლოზე ზეგავლენას და დაასკვნა, რომ შეუძლებელია იყო დარწმუნებული, რომ ეს ასე მოხდება"- წერს აბესაძე.
ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ბიძინა ივანიშვილს ბერმუდის სასამართლოზე მოწმედ იუსტიციის ყოფილი მინისტრი, უზენაესისა და საკონსტიტუციო სასამართლოების ყოფილი მოსამართლე და თავმჯდომარე, ჯონი ხეცურიანი ჰყავდა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ხეცურიანმა სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდა რამდენად დამოუკიდებელია ქართული მართლმსაჯულება და ერევა თუ არა მასში ივანიშვილი. საბოლოოდ ხეცურიანის ჩვენება არ იქნა გაზიარებული.