მეშინია ჩემი შვილიშვილის გამო - ვალია ვანიშვილი

16.08.21 17:30
მეშინია ჩემი შვილიშვილის გამო - ვალია ვანიშვილი

დათა პაპას მეუღლე, ვალია ვანიშვილი აცხადებს, რომ მავთულხლართების აღმართვით რუსი ოკუპენტები ცდილობენ, მისი ოჯახისთვის პროდუქტების მიღება შეაფერხონ.

მეშინია ჩემი შვილიშვილის გამო, ერთ დღეში აამაღლეს მავთულხლართები. ქართველები ხშირად მეხმარებიან პროდუქტებით და რუსებმა მავთულხლართები ამიტომ აწიეს,- აცხადებს ვალია ვანიშვილი.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას, განცხადებით, ოკუპანტების მიზანია  ვანიშვილების ოჯახმა სახლი დატოვონ: 

გუშინ რუსმა ოკუპანტებმა დაამატეს მავთულხლართები დათა პაპას სახლის მიმდებარედ, რომლის საშუალებითაც ჩვენ პროდუქტს ვაწვდიდით ჯერ დათა პაპას, შემდეგ მის მეუღლეს, ოჯახს. ეს გაკეთდა იმის გამო, რომ შეფერხდეს ეს დახმარება და იმის გამოც, რომ ვალია ბებომ მიატოვოს იქაურობა. რუსებმა ერთ მონაკვეთზე 3 მეტრამდე გაზარდეს მავთულხლართის სიმაღლე - ამბობს დავით ქაცარავა.  

ოკუპანტები სოფელ ხურვალეთში ისევ გამოჩნდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ბოლო ორი დღის განმავლობაში ე.წ. გამყოფ ხაზთან აქტიურად გადააადგილდებიან. გააბეს ახალი მავთულხლართებიც და დაამონტაჟეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბოძებიც. ამ ინფორმაციას ხელისუფლება მალავდა, თუმცა დღეს უკანონო სამუშაოების შედეგის ამსახველი კადრები გაავრცელა ანტისაოკუპაციო მოძრაობამ ,,ძალა ერთობაშია".