ბელორუსის ,,კგბ"-სთან დადებული ხელშეკრულება ანტისახელმწიფოებრივია - ოპოზიცია

16.08.21 17:55
ბელორუსის ,,კგბ"-სთან დადებული ხელშეკრულება ანტისახელმწიფოებრივია - ოპოზიცია

ბელორუსის უსაფრთხოების კომიტეტთან დადებული ხელშეკრულება ანტისახელმწიფოებრივია, მიიჩნევენ ოპოზიციაში. ამის თქმის საფუძველს მათ აძლევთ ლუკაშენკოს ხელისუფლები იმიჯი დასავლეთში. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ დროთა განმავლობაში საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი იქნება არა პროგრესული ევროპა, არამედ ბელორუსის რეჟიმი. რაც შეეხება ხელშეკრულებას, რომელიც ბელორუსის უსაფრთხოების კომიტეტთან გაფორმდა, შესაძლოა, მის შედეგად ლუკაშენკოს რეჟიმისგან გამოქცეული ადამიანების უკან დაბრუნება გახდეს აქტუალური.

,,ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი, მიიჩნევს, რომ შეთანხმების გაფორმებით რუსულ სპეცსამსახურებს საქართველოში აქტიური მოქმედების საფუძველი მიეცემათ. 

ეს დოკუმენტი არის სამარცხვინო. არა მხოლოდ საქართველოსთვის თავის მომჭრელი, არამედ ის ბევრს ამბობს ჩვენი ქვეყნის საგარეო ვექტორზე. ეს დოკუმენტი საქართველოსთვისაცაა საფრთხე, რადგან ბელორუსის ,,კგბ"-ს საშუალებით რუსულ ,,ფსბ"-ს ეძლევა მოქმედების საშუალება. - აცხადებს გიორგი კანდელაკი.

,,ლელოს" წევრი, ლანა გალდავა, იმ თავისუფლად მოაზროვნე ადამიანების ბედით ინტერესდება, რომლებიც ლუკაშენკოს რეჟიმს საქართველოში გამოექცნენ.

სუს-მა მკაფიო განმარტება უნდა გააკეთოს, რას უპირებს ექსპერტებს, ბლოგერებს, ჟურნალისტებს, უფლებადამცველებს, უბრალოდ, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებს ბელორუსიდან, რომლებიც საქართველოში ეძებენ თავშესაფარს. ასეთი ხელშეკრულების იმპლემენტაციით მივდივართ სწორედ იმ გზაზე, რასაც ჰქვია ნატო-ს გზიდან გადახვევა.- აცხადებს ,,ლელოს" წევრი.

საქართველოს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსგავსი ხელშეკრულება ევროპის ბევრ ქვეყანასთან არის დადებული და ის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას არ ავალდებულებთ.