დაუჭერს თუ არა ,,ოცნება" მხარს საკონსტიტუციო ცვლილებას, უცნობია
საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვები დასრულდა. უცნობია, კენჭისყრაზე დაუჭერს თუ არა მხარს ,,ქართული ოცნება" იმ პროექტს, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტით განისაზღვრა. მას შემდეგ, რაც 19 აპრილის შეთანხმება მმართველმა გუნდმა ანულირებულად ცნო, არ არის გამორიცხული, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტიც ჩააგდოს. ოპოზიციას უჩნდება ეჭვი, რომ "ქართული ოცნება" კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას საბოლოოდ მხარს არ დაუჭერს.
,,ლელოს" წევრი, დავით უსუფაშვილი, მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა, შესაძლოა, ,,ქართულმა ოცნებამ" ისე იმოქმედოს, რომ საბოლოო ჯამში მას მხარი არ დაუჭიროს.
ეს ცვლილებები არის სუპერმნიშვნელოვანი შექმნილ ვითარებაში, რადგან დარჩენილია ერთადერთი დოკუმენტი, რომელსაც მხარს უჭერს ხელისუფლება და ოპოზიცია ერთდროულად. მნიშვნელოვანია, რომ ეს მხარდაჭერა იყოს გულწრფელი და არა ტაქტიკური. ტაქტიკური იქნება, თუ მაგალითად მმმართველი პარტია რაიმე მოტივებით შეეცდება ტექსტის რევიზიას, რასაც შესაძლოა, ოპოზიცია მერე არ დაეთანხმოს და მერე ოპოზიციას დაბრალდება ცვლილების ჩაგდება. - ამბობს დავით უსუფაშვილი.
,,ქართული ოცნების" პრეს-სპიკერი, ზაზა პაპუაშვილი, ამბობს, რომ ცვლილებების შემოღება ევროსაბჭოს პრეზიდენტთან დადებულმა შეთანხმებამ გამოიწვია, რომელიც დღესდღეობით ანულირებულია. აქედან გამომდინარე, დაუჭერს თუ არა მმართველი პარტია აღნიშნულ დოკუმენტს, უცნობია.
სულ რამდენიმე საკითხს შეეხება ეს ცვლილება. თუმცა მნიშვნელოვანი საკითხებია, ამიტომ ჩვენი დამოკიდებულება არის შემდეგი. ეს ცვლილებები თავის დროზე განაპირობა 19 აპრილის შეთანხმებამ, რომელიც ახლა ანულირებულია. შესაბამისად, ამ დისკუსიაში ჩვენ შევდივართ ღია შედეგით. ახლა ყველაფერი უბრუნდება კონსტიტუციურ ჩარჩოებს. - აცხადებს ზაზა პაპუაშვილი.
საკონსტიტუციო ცვლილება ეხება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს, სადაც ბარიერი უნდა განისაზღვროს 2 %ით. ასევე იცვლება ფრაქციების დაკომპლექტებისა და გენერალური პროკურორის არჩევის წესიც.