ევროპარლამენტის შემდეგ, ივანიშვილის სანქცირების შესახებ რეზოლუციის დამტკიცებას გერმანიის ბუნდესტაგი აანონსებს

09.10.24 17:10
ევროპარლამენტის შემდეგ, ივანიშვილის სანქცირების შესახებ რეზოლუციის დამტკიცებას გერმანიის ბუნდესტაგი აანონსებს

ევროპარლამენტის შემდეგ, საქართველოს შესახებ რეზოლუციის დამტკიცებას გერმანიის ბუნდესტაგი აანონსებს - ბუნდესტაგის რეზოლუციის დოკუმენტი სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, სადაც გერმანიის პარლამენტის წევრები მოითხოვენ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რეზოლუციის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ბუნდესტაგის წევრები დაჟინებით მოითხოვენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას. 

ასევე, გერმანიის პარლამენტის დეპუტატები მოითოხვენ, გამოვლიდეს ფაქტები, რომლებიც შეიძლება მიზნობრივი სანქციების დაწესების საბაბი გახდეს. 

რეზოლუციის დოკუმენტში ბევრი ჩანაწერია "ოცნების" მიერ მიღებულ რუსულ კანონებთან დაკავშირებით. ასევე ნათქვამია, რომ "ოცნების" სულ უფრო ავტორიტარული და საზოგადოების გახლეჩვისკენ მიმართული მმართველობის სტილი 26 ოქტომბრის არჩევნების წინ პოლიტიკური დაპირისპირების გამყარების მიზეზია. 

„გერმანიის ბუნდესტაგს უხეშ შეცდომად მიაჩნია, ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის საბოლოოდ მიღება. ეს მოხდა საქართველოს მთავრობის 2023 წლის გაზაფხულზე საწინააღმდეგო დაპირების, მოსახლეობის მასიური და მრავალთვიანი პროტესტების, ქვეყნის პრეზიდენტის ვეტოს, ევროპის კავშირის მკაფიო პოზიციის და კანონის გაწვევის შესახებ ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის მკაფიო რეკომენდაციის მიუხედავად. ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ცენტრალურ ფასეულობებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. ის კონკრეტულად ეწინააღმდეგება საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებულ ორ პრიორიტეტულ ნაბიჯს, კერძოდ, სამოქალაქოს საზოგადოების თავისუფალი მოქმედების უზრუნველყოფას (მე-9 ნაბიჯი) და ევროკავშირისა და მისი ფასეულობების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას (1-ლი ნაბიჯი). ეს კანონი თავისი სულისკვეთებით შეესაბამება რუსულ კანონს „უცხოელი აგენტების შესახებ“.

ამით, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირს ზურგი შეაქცია, რაც ეწინააღმდეგება ევროპული ინტეგრაციის კონსტიტუციაში ჩაწერილ მიზანს და მოსახლეობის სანუკვარ სურვილს. საქართველოს მოსახლეობა თაობათაშორისი, მრავალკვირიანი, ერთსულოვანი მშვიდობიანი დემონსტრაციებით მოითხოვდა კანონის გაწვევას. ბუნდესტაგი სოლიდარობას და აღიარებას უცხადებს მშვიდობიანი პროტესტების მონაწილეებს.

თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მოქმედ პირთათვის თავისუფალი გარემოს შექმნა გადამწყვეტია გამართული დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული კურსისათვის. გამჭვირვალობის მოთხოვნა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზაციის და მათი მოქმედების თავისუფლების შეზღუდვის საბაბად. გერმანის ბუნდესტაგი მოელის, რომ დაუყოვნებლივ შეწყდება და სისხლის სამართლებრივ დევნას დაექვემდებარება დაშინების, მუქარის და ძალადობის შემთხვევები სამოქალაქო საზოგადოების წევრების, ჟურნალისტების, LGBTQIA+ თემის, ისევე როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ. გერმანიის ბუნდესტაგი ხაზს უსვამს, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება, ისევე როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია სტაბილური დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისათვის უსათუო, ძირეული რეფორმების კრიტიკული გაშუქებისათვის.

გერმანიის ბუნდესტაგი ფედერალურ მთავრობას მოუწოდებს, საბიუჯეტო პარამეტრების გათვალისწინებით, ევროპულ დონეზე დაჟინებით მოითხოვოს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთან შემდეგი წინსვლა აღარ მოხდეს, იქამდე, სანამ ძალაშია კანონი ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“.- ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

ევროპარლამენტში ივანიშვილის და მისი მსახურების დასანქცირების მოთხოვნით რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები შემოიღოს ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას.

დოკუმენტში ასევე საუბარია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე.

ამასთან, ევროპარლამენტი მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო, რომელიც მზარდია მიმდინარე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე.

რეზოლუციის ტექსტში საუბარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ და ვიზალიბერალიზაციის საკითხზე. ასევე, ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებს.