გახარიას გუნდი ყურადღების მიპყრობას ცდილობს - სარჯველაძე ბრალდებებს პასუხობს

18.08.21 15:37
გახარიას გუნდი ყურადღების მიპყრობას ცდილობს - სარჯველაძე ბრალდებებს პასუხობს

გიორგი გახარიას თანაგუნდელების ბრალდებებს მმართველ პარტიაში უკვე უპასუხეს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპონენტებისთვის იარაღის ჩადება მათი სტილი არ არის. 

მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ მსგავსი განცხადებებით ექსპრემიერის გუნდი ყურადღების მიპყრობას ცდილობს. 

არ მგონია, რომ ეს დამაჯერებელი განცხადებები იყოს. მესმის, რომ ისინი ცდილობენ, დაიკავონ რაღაც პოლიტიკური ნიშა, ადგილი დაიკავონ და ყურადღება მიიქციონ. ცდილობენ, რომ დევნილის მანტია მოირგონ. სინამდვილეში, ასეთი მეთოდებით და ხერხებით არც არავის ვუპირისპირდებით. ბუნებრივია, ასეთი პრეცედენტები მოსალოდნელი არც იქნება. უბრალოდ ლოგიკა არ არის, მსგავსი მეთოდები იქნას გამოყენებული"- განაცხადა სარჯველაძემ. 

გიორგი გახარიას პარტიის წევრი, აკაკი ბართაია, პოლიციამ 16 აგვისტოს იმ დროს აიყვანა, როდესაც პარტია ,,საქართველოსთვის" წარმომადგენელი პარტიული საქმიანობისთვის მცხეთაში გადაადგილდებოდა.

გიორგი გახარიას თანაპარტიელები ამბობენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღი მათ წევრს არ ჰქონია და ის ჩაუდეს.