სკოლების დირექტორები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე ღიად საუბრობენ - ,,სამართლიანი არჩევნების" ანგარიში
სასწავლო დაწესებულებების პოლიტიზირება და წინასაარჩევნოდ გამოყენება - რა ხერხებით ცდილობს ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას. სპეციალური ანგარიში "სამართლიანმა არჩევნებმა" გამოაქვეყნა, რომელშიც სკოლის ყოფილი დირექტორები ღიად საუბრობენ ზეწოლაზე.
ანგარიშის მიხედვით ირკვევა, იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონეა, ან მისი ოჯახის წევრები ხელისუფლების არასასურველ კანდიდატს მხარს უჭერენ, ამ შემთხვევაში მოქმედებაში მოდის სადამსჯელო მექანიზმი და ასეთ დირექტორებს სამუშაოს ატოვებინებენ.
,,სამართლიანი არჩევნების" ანგარიშში განხილულია ბოლო 3 არჩევნების შედეგები, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება, დაიმორჩილოს სასწავლო დაწესებულებები და განსხვავებული აზრის მატარებელი ხელმძღვანელი პირები თანამდებობიდან გაუშვას.
არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზეც გამოყენებული იქნება მსგავსი პრაქტიკა.
ბევრ დირექტორს როცა ამოეწურა უფლებამოსილების ვადა, ზოგი მათგანს ისევ გაუგრძელეს, ზოგს-არა. ძირითადად ეს მოხდა პოლიტიკური შერჩევის მიზნით, რადაგან ისინი გარკვეულ პოლიტიკურ დავალებებს არ ასრულებდნენ. ამ არჩევნებზე გამოცდები არ ტარდება დირექტორებისთვის, შესაბამისად ისინი თანამდებობებზე რჩებიან და მათზე პოლიტიკური ზეწოლის შანსი დიდია. - განაცხადა ,,სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ.