"უკანონო მოსმენა კარგი არ არის" - ანზორ ჩუბინიძემ არ იცის, ვინ უსმენს ივანიშვილის ოჯახს

17.10.24 13:29
"უკანონო მოსმენა კარგი არ არის" - ანზორ ჩუბინიძემ არ იცის, ვინ უსმენს ივანიშვილის ოჯახს

ვინ შეიძლება უსმენდეს ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს? -  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე ამბობს, რომ არ იცის, ვინ უსმენს ოლიგარქსი ოჯახს .

უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება გავრცელებულ ვიდეომასალაზე, "პირველების" ამ კითხვაზე, ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ "შეიძლება, გამოძიება უკვე დაწყებულიც არის" და აღნიშნავს, რომ "უკანონო მოსმენა კარგი არ არის".

არვიცი, ალბათ, უნდა დაიწყოს და ალბათ დაწყებულიც არის, თუ მართლაც ეს ასეა, ეს ფაქტი. უკანონო მოსმენა, რა თქმა უნდა, არ არის კარგი", - ამბობს ჩუბინიძე. 

დაიწყო თუ არა გამოძიება ეკატერინე ხვედელიძის შესაძლო მოსმენაზე, არ იცის არც იუსტიციის მინისტრმა. რატი ბრეგაძე "პირველებს" ეუბნება, რომ "თუკი რაიმე ტიპის უკანონო მიყურადება არსებობს, რა თქმა უნდა, ის აუცილებლად იქნება გამოძიებული". 

აღნიშნულ საკითხზე დღეს კომენტარი გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმაც, 

კითხვაზე, თუ ვინ უსმენს ეკატერინე ხვედელიძეს, გრიგოლ ლილუაშვილმა თქვა: „ვისაც შეუძლია“.

„ჩვენი ტერიტორიიდან არ განხორციელებულა“,- განაცხადა ლილუაშვილმა "ტვ პირველის" კითხვის საპასუხოდ.

შეგახსენებთ, რომ სკანდალური ჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის ცოლი, ეკატერინე ხვედელიძე ქოუჩინგის რუსული კურსის დეტალებს არკვევს, youtube არხზე 16 ოქტომბერს გამოქვეყნდა. 6 წუთიანი მასალა Cyber Kmara-ს სახელით არსებულმა იმ ანგარიშმა გაასაჯაროვა, რომლის მიერ youtube-ზე ატვირთული 6-ივე ვიდეო ივანიშვილს უკავშირდება. 

ვიდრე ფარული აუდიომასალა youtube არხზე გაჩნდებოდა, 2 საათით ადრე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა. სუსი წერდა, რომ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, წინასაარჩევნოდ ჩანაწერებს გაავრცელებენ და მის გასაყალბებლად ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ. 

მსგავსი სიახლეები