„ოცნების“ დეპუტატები და ზონდერები ზეწოლას ახდენენ საჯარო მოხელეებზე, რომ ხმა „ოცნების“ სასარგებლოდ მისცენ - მეზვრიშვილი
გიორგი გახარიას გუნდი ირწმუნება, რომ "ოცნება" ამომრჩეველზე ზეწოლას მთელი ადმინისტრაციული რესურსით ცდილობს. ცოტა ხნის წინ ამ საკითხის შესახებ საგანგებო განცხადება ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა. პოლიტიკოსმა დაასახელა ყველა იმ პირის სახელი და გვარი, ვინც მისი ინფორმაციით, უკანონო საქმიანობაშია ჩართული და სავარაუდოდ, პარტიულ დავალებასს ასრულებენ. გახარიას გუნდში ამბობენ, რომ სწორედ ეს ადამიანები ართმევენ მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ან თანხებს სთავაზობენ ან რამე სხვა მექანიზმებით ცდილობენ ამომრჩევლზე ზეგავლების მოხდენას.
"ხმის მიცემა არის ფარული და ვერავინ ვერასდროს გაიგებს თქვენი არჩევანის შესახებ" - ეუბნება მეზვრიშვილი მოქალაქეებს.
„ოცნების“ რეგიონული კლანების სქემას წარმოგიდგენთ. ესენი არიან „ოცნების“ დეპუტატები, ზონდერები და აქტივი. ეს ადამიანები ზეწოლას ახდენენ საჯარო მოხელეებზე, რომ მათ და მათმა ოჯახის წევრებმა ხმა „ოცნების“ სასარგებლოდ მისცენ. ისინი ატყუებენ მოხელეებს, თითქოს, ხმის მიცემა ფარული არ არის და თითქოს, „ოცნებას“ შეუძლია გაიგოს ვინ-ვის გააფერადებს. მოხელეებს ფიქსირებულ დროის მონაკვეთს ეუბნებიან, როცა ისინი უბანზე უნდა გამოცხადდნენ.
სქემა მცხეთა-მთიანეთის, აჭარის და კახეთს მაგალითზე გავაკეთეთ, ამ სქემების წარმოდგენას ვაგრძელებთ და არჩევნებამდე გაჩვენებთ. აქ არიან „ოცნების“ ე.წ. დელეგატები, სინამდვილეში კორუმპირებული ფეოდალები. მაგალითად, დიმიტრი ხუნდაძე - მთელი სქემაა, ეს ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა თანამდებობები უკავიათ, უშუალოდ ახორციელებენ საჯარო მოხელეებზე ზეწოლას, შტაბებში იბარებენ, მათ მხარდამჭერთა სიებს აგროვებინებენ. ხუნდაძის გარდა, რამდენიმე ზონდერია, მაგალითად, გია ჯიქია ქსანი-ციხისძირის მაჟორიტარია. გახსოვთ ალბათ, ლია ყოჩიშვილზე მკვლელობის მცდელობა რომ განხორციელდა, მანქანას აჯახებდნენ, იქ იმყოფებოდა გია ჯიქია.
აჭარის მაგალითი ძალიან შთამბეჭდავია, დაკომპლექტებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერებით, რომლებიც „ოცნებამ“ გადმოიბარა, ანუ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ძალადობებში. კახეთი გურამ მაჭარაშვილს აბარია - „ხალხის ძალადან“, აქაც ნათესაური კავშირების სქემაა წარმოდგენილი.
ვანში, ჩვენი შტაბის უფროსის, გიორგი სვანაძის მიმართ პოლიციის უფროსის მხრიდან მუქარა განხორციელდა, რომ არჩევნების შემდეგ მას გაუსწორდებოდა, თუ პოლიტიკურ საქმიანობას არ შეწყვეტდა. პოლიციის უფროსი ირაკლი ლორთქიფანიძე გახლავთ, აღნიშნულზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას მივმართეთ. ამასთან, მესტიის „ქეისზე“ გვაქვს ცესკო-ში საჩივარი შეტანილი, შორენა გვარლიანს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, ეს ილუსტრაციაა იმისა, თუ რა ხდება რეგიონებში. ერთდროულად ორი თანამდებობა უკავია, - განაცხადა მეზვრიშვილმა.