,,ქართული ოცნების" დასასრულის დასაწყისი დადგა - გახარიას გუნდი

20.08.21 13:41
,,ქართული ოცნების" დასასრულის დასაწყისი დადგა - გახარიას გუნდი

,,ქართული ოცნების" დასასრულის დასაწყისი დადგა - ასე ეხმაურება გახარიას გუნდი აკაკი ბართაიას წინააღმდეგ დაწყებულ დევნას. 

ექსპრემიერის თანაგუნდელები დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნების წაგების შიშით, ,,ქართული ოცნება" პოლიტიკურ დევნას ზემოქმედების იარაღად შემდეგშიც გამოიყენებს. 

,,ქართული ოცნების" ამგვარი ქმედებები, რომელიც დღითიდღე ემსგავსება მის წინამორბედს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ეს არის "ქართული ოცნების" დასასრულის დასაწყისი. 

გვაქვს მოლოდინი, რომ მათი ეს არაადეკვატური და უღირსი საქციელი კიდევ უფრო გამწვავდება, რადგან მათი შიში ჩვენი გუნდის ლიდერის, გიორგი გახარიას და ჩვენი პარტიის მიმართ არის ცხადი. ამ უღირსი საქციელით ისინი ადასტურებენ, რომ მათ ეშინიათ გახარიასი, ეშინიათ ჩვენი გუნდის ეშინიათ და არ უნდათ ძალაუფლების დაკარგვის"- განაცხადა ანა ბუჩუკურმა. 

გიორგი გახარიას გუნდის დაკავებული მხარდამჭერი, აკაკი ბართაია, ამტკიცებს, რომ მასზე მუქარა პატიმრობაში ყოფნის დროსაც გაგრძელდა. 

ბართაიას ადვოკატის, ზაზა დათუკიშვილის, განცხადებით, სასამართლოს შემდეგ, როცა პოლიციელებს აკაკი ბართაია ციხეში გადაჰყავდათ, სამართალდამცავები შემოვლითი გზით წავიდნენ, ავტომობილი გააჩერეს, ბრალდებული გადმოიყვანეს და იმ პოლიციელს შეახვედრეს,  ვინც ბართაიას მტკიცებით, 16 აგვისტოს იარაღი ჩაუდო და დაკავების სპეცოპერაცია ჩაატარა.