გახარიას დაკავებული მხარდამჭერის საქმეში გავლენიანი არასამთავორბო ორგანიზაციები ჩაერთვნენ

20.08.21 17:35
გახარიას დაკავებული მხარდამჭერის საქმეში გავლენიანი არასამთავორბო ორგანიზაციები ჩაერთვნენ

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელი, ვახუშტი მენაბდე, მიიჩნევს, რომ დაკავებული აკაკი ბართაიას ბრალდებებით შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. 

,,საია" გიორგი გახარიას დაკავებული მხარდამჭერის საქმეში ერთვება. 

როგორც მენაბდემ "ტვ პირველს" განუცხადა,  არასამთავრობო ორგანიზაცია  გამოძიების პროცესს აკვირდება.

გვაქვს კავშირი თავად პარტიასთან და ვსწავლობთ ამ შემთხვევას. წინასწარ, გადაჭრით რამის თქმა შეუძლებელია, თუმცა ვაკვირდებით და თუ დადასტურდა პოლიტიკური დევნის შემთხვევა, ავსახავთ ჩვენს ანგარიშებში. ვფიქრობ, რომ ამ ფაქტით შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ"- ამბობს მენაბდე. 

ბართაიას საქმეს აკვირდება "დემოკრატიული ინიციატივაც". 

ორგანიზაციის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში მუქარასა და ძალადობაში მხილებული პოლიციელები დაუსჯელები არიან. 

პოლიციის მხრიდან იარაღის ჩადების ფაქტი იქნება, თუ მუქარის, ან ძალადობის ფაქტები, არის საქართველოში  საკმაოდ გავრცელებული პრობლემა. აქ მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დანაშაულების გამოძიება ხშირ შემთხვევაში არ ხდება. სისტემა თავის წევრს, პოლიციელს, იცავს და არ ხდება მათი სათანადო დასჯა. 

რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, ეს ძალიან სერიოზულ პრობლემას ქმნის, ვინაიდან წინასაარჩევნო გარემო თავისუფალი უნდა იყოს და პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოყენება დაუშვებელია წინასაარჩევნო აქტივობების დროს" - თქვა ორგანიზაციის წარმომადგენელმა. 

გიორგი გახარიას გუნდის დაკავებული მხარდამჭერი, აკაკი ბართაია, ამტკიცებს, რომ მასზე მუქარა პატიმრობაში ყოფნის დროსაც გაგრძელდა. 

ბართაიას ადვოკატის, ზაზა დათუკიშვილის, განცხადებით, სასამართლოს შემდეგ, როცა პოლიციელებს აკაკი ბართაია ციხეში გადაჰყავდათ, სამართალდამცავები შემოვლითი გზით წავიდნენ, ავტომობილი გააჩერეს, ბრალდებული გადმოიყვანეს და იმ პოლიციელს შეახვედრეს,  ვინც ბართაიას მტკიცებით, 16 აგვისტოს იარაღი ჩაუდო და დაკავების სპეცოპერაცია ჩაატარა.