ოკუპაცია გრემისხევთან - სუს-ი განცხადებას ავრცელებს

20.08.21 09:17
ოკუპაცია გრემისხევთან - სუს-ი განცხადებას ავრცელებს

რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიების  ოკუპაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ოკუპანტების მიერ უკანონო აქტივობები საქართელოს ტერიტორიაზე 2011 წლიდან შეინიშნება. უწყების ინფორმაციით, სუს-ი რუსი ოკუპანტების თითოეული აქტივობის იდენტიფიცირებას ახორციელებს, მოპოვებულ ინფორმაციას კი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას გადასცემს.

საგამოძიებო უწყება ასევე, საკითხის სიფრთხილით გაშუქების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. 

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მომდებარედ რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო  ძალების უკანონო აქტივობების ნიშნები ფიქსირდება 2011 წლიდან, რა პერიოდშიც აღნიშნულ ტერიტორიაზე უკანონოდ აღიმართა საოკუპაციო ძალების ე.წ. სათვალთვალო პუნქტი. უკანონო ინსტალაციების აღმართვა მომდევნო წლებშიც გაგრძელდა და ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში უკანონოდ აღიმართა ე.წ. საგუშაგო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხორციელდება საოკუპაციო ძალების თითოეული უკანონო აქტივობის იდენტიფიცირება. ყოველ ცალკეულ შემთხვევაზე აქტიურდება ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. მსგავსი შემთხვევები წარმოადგენს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დღის წესრიგის მთავარ საკითხს. ამ კონტექსტში, რათქმაუნდა, გამონაკლისს არც მცხეთა-მთიანეთის მიმართულებაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო აქტივობები წარმოადგენენ, რაზედაც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.

აქვე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ოკუპაციასთან დაკავშირებული თემების გაშუქება მოითხოვს საკითხისადმი ზუსტ და ფრთხილ დამოკიდებულებას, რათა არ დაზიანდეს სახელმწიფოს მიერ დეოკუპაციის მიმართულებით წარმოებული პოლიტიკა და არ მოხდეს ადგილობრივ მოსახლეობაში შიშისა და დაუცველობის განცდის დანერგვა, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.