"ყველაფერი გაჩხრიკეს" - კიევიდან სამშობლოში დაბრუნებული კობა ნაყოფია აეროპორტში შეაფერხეს

22.08.21 01:00
"ყველაფერი გაჩხრიკეს" - კიევიდან სამშობლოში დაბრუნებული კობა ნაყოფია აეროპორტში შეაფერხეს

უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებულ "ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელ მდივანს, კობა ნაყოფიას ღამით ქვეყანაში არ უშვებდნენ. პარლამენტის დეპუტატი  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 1 საათის განმავლობაში დააყოვნეს. დეპუტატი ამბობს, რომ  განმარტებების გარეშე შეაფერხეს და ბარგი გაუჩხრიკეს, რაც უკანონო ქმედებაა. 

პარლამენტის დეპუტატი მომხდარს უკრაინაში ვიზიტს უკავშირებს, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. 

მოვფრინავდი კიევიდან, ვიყავი კიევში, მიხეილ სააკაშვილთან, ჩამოვედი გუშინ. ძალიან დიდხანს მოჰქონდათ ჩემი ბარგი, დაახლოებით ერთი საათი და ველოდებოდი. ჩხრეკდნენ ყველაფერს, ყველა ჩემი პირადი ნივთი შეამოწმეს. სახეზეც კი ეტყობოდათ, რომ იცოდნენ, როგორ არღვევდნენ კანონს. უნდა შეესრულებინათ განკარგულება, რომელიც მიიღეს უშუალოდ ხელმძღვანელისგან. "ოცნების" ხელისუფლება ახლა იმყოფება აგონიაში და უკვე დაემსგავსა, პრაქტიკულად, ლუკაშენკოს ხელისუფლებას, - აცხადებს ნაყოფია.

ბორტზე, რომელზეც კობა ნაყოფია იმყოფებოდა, ათამდე მგზავრი იყო, მაგრამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო სამსახური მხოლოდ ოპოზიციონერი წევრით დაინტერესდა.