ჩვენ ამ დაწერილ შედეგებს არ ვაღიარებთ - ის, რაც ცესკომ გამოაცხადა, სრულიად აცდენილია რეალობას - ვაშაძე
"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შედეგები სრულიად აცდენილია რეალობას.
ვაშაძის თქმით, პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებები გაგრძელდება.
ჩვენი გამარჯვება არის მინიმუმ 10-12%. ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” შეეცდება, რომ დაიწეროს შედეგი და სამწუხაროდ სწორედ ესე მოხდა. მათ უბრალოდ დაიწერეს შედეგი და პირდაპირ და ღიად ვაცხადებთ, ჩვენ ამ დაწერილ შედეგებს არ ვაღიარებთ. ჩვენ ამ შედეგებს არ ვაღიარებთ, რადგან ამ არჩევნებში გაიმარჯვა ხალხმა.
ჩვენ დაველოდებით ჩვენი სამომავლო პარტნიორი კოალიციური ლიდერების განცხადებებს ამ საკითხთან დაკავშირებით და ვაპირებით ბრძოლას იმისათვის, რომ ხალხის გამარჯვება იყოს დაფიქსირებული. ის, რაც ცეესკომ გამოაცხადა, ყველამ კარგად იცით, რომ არა უბრალოდ აცდენილია, არამედ სრულიად ამოტრიალებულია ის რეალობა, რაც დღეს საქართველოშია.
შეხედეთ რა ხდება სხვადახვა საოლქო უბნებში, “ოცნებამ” ზოგან 80%, 85%,70% დაიწერა. ეს ყოველივე ჩვენთვის არის მიუღებელი იმიტომ, რომ ის რეალობა რაც დღეს არის საქართველოში, აცდენილია ამ შედეგებს. ჩვენ გვექნება საუბარი ჩვენს მომავალ კოალიციურ კოლეგებთან, გვაქვს ძალიან მკაფიო ჩვენეული ხედვა.
პროცესი უნდა გაგრძელდეს, შევჯერდებით ყველა საკითხზე და ვაგრძლებეთ ბრძოლას. ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე, არცერთი ნაბიჯი უკან, მხოლოდ წინ.
რეჟიმი აუცილებლად დამარცხდება.“- განაცხადა ვაშაძემ