დუგინი არჩევნების შედეგებით კმაყოფილია და ზურაბიშვილის სახლში გაშვებას ითხოვს

27.10.24 12:26
დუგინი არჩევნების შედეგებით კმაყოფილია და ზურაბიშვილის სახლში გაშვებას ითხოვს

რუსი პროპაგანდისტი ალექსეი დუგინი საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებით კმაყოფილია.  ამის შესახებ მან ტელეგრამ არხზე დაწერა.

დუგინი საქართველოს ხელისუფლების БРИКС-ში (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხ. აფრიკის რესპუბლიკა) შესვლას სთავაზობს და პრეზიდენტ ზურაბიშვილის სახლში გაშვებას ითხოვს.

საქართველოში ხელისუფლებაში ისევ სუვერენისტები მოდიან. ისინი საერთოდ არ არიან პრორუსულები, მაგრამ არც დასავლეთის ლაქიები არიან. აი, რა არის ნაციონალიზმი კარგი გაგებით - შეინარჩუნო სამშობლო, შეინარჩუნო წესრიგი, გააძლიერო დამოუკიდებლობა ყველასგან და არავის წინაშე ქედს არ მოიხარო. ჩვენთვის ქართულ ოცნებასთან მარტივი არ იქნება, მაგრამ სათავეში რომ სოროსის მარიონეტები მოსულიყვნენ, გარყვნილები და ექსტრემისტები, ჩვენ გაცილებით მეტი პრობლემა გვექნებოდა, მაგრამ უარესად იქნებოდნენ თავად ქართველები.

სხვა საქმეა, რომ ოპოზიციამ ცოტა მეტი მიიღო, ვიდრე თავად სუვერენისტებს ეგონათ და პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა ვერ იქნება, მაგრამ უბრალო უმრავლესობაც უკვე არ არის ცუდი. ველური არეულობის მიზეზი არ არსებობს.

მაგრამ ქართულ ოცნებას უნდა ჰქონდეს სტრატეგია. სანამ ისინი ლავირებენ, ძალიან წარმატებულად, მაგრამ ეს რესურსი არ არის უსასრულო. შეუძლიათ სცადონ საქართველოს დაუბრუნონ დიდება, მაგრამ ამჯერად ტრადიციონალისტურ არალიბერალურ საფუძველზე. და შეიყვანონ БРИКС-ში. БРИКС-ში მალე იქნება საკუთარი ვალუტა, კაშკაშა და მიმზიდველი ბანკნოტებით. ჯერჯერობით კი უნდა დაელოდონ სააკაშისტების და სოროსელი პერვერტების რეაქციას და განამტკიცონ გამარჯვება.

დიახ, ასევე დროა, გამოემშვიდობოთ არაპოპულარულ და ქართველოფობ პრეზიდენტ ქალს. დროა წავიდეს სახლში, პარიზში, - წერს დუგინი.