პირადობების ჩამორთმევა და ზეწოლა საჯარო მოხელეებზე - საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საარჩევნო პროცესს აფასებს

27.10.24 13:22
პირადობების ჩამორთმევა და ზეწოლა საჯარო მოხელეებზე - საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საარჩევნო პროცესს აფასებს

ორგანიზაცია ENEMO, რომელიც საქართველოში არჩევნებს აკვირდებოდა, წინასაარჩევნო და უშუალოდ არჩევნების პროცესის დროს გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. საგანგებო ბრიფინგზე ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე გამახვილდა. საუბარია საჯარო მოხელეებსა და მოწყვლად  ჯგუფებზე ზეწოლის ფაქტებზე, პირადობის ჩამორთმევის ფაქტებზე, ასევე, მმართველი პარტიის ნარატივებზე, რომელიც სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების თქმით, ამომრჩევლის დაბნევას ემსახურებოდა.

საუბარი შეეხო მედიასაც. მათი თქმით, გამოვლინდა ფაქტები, როდესაც მედიის წარმოამდგენლებს ამა თუ იმ უბანზე მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. პრობლემად დასახელდა სარეკლამო დროც, რომელიც ოპოზიციური პარტიების ვიდეორგოლებს არ დაეთმო. 

საჯარო სექტორის წარმომადგენლებზე ზეწოლა და ადმინისტრაციული რესურსის არაჯეროვნად გამოყენება დაფიქსირდა. კონკრეტულ უბნებზე არ დაუშვეს ჟურნალისტები. მმართველი პარტიის მიერ გამოთქმული ნარატივები ინფორმაციის სწორხაზოვნად მიწოდებას უშლიდა ხელს. დაფიქსირდა პირადობის მოწმობების ჩამორთმევა და მოწყვლად ჟგუფებზე ზეწოლა, - განაცხადეს ბრიფინგზე. 

სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის შეფასებით, "არჩევნები არ იყო კარგი და არ ჩატარდა ჯეროვნად". 

2024 წლის არჩევნები პოლარიზებულ გარემოში გაიმართა. პროცესი არ იყო გამჭვირვალე და თანასწორი. ადმინისტრაციული რესურსები არაჯეროვნად იქნა გამოყენებული. იყო ზეწოლა ჟურნალისტებზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია კარგად უძღვებოდა პროცესს, ჩვენ ვწუხვართ ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ. ჯამური პრობლემები, რომელიც იყო წარმოდგენილი, დიდი გავლენა იქონია არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე. ჩვენ ველოდებით კიდევ საჩივრების განხილვის დასრულებას და შემდეგ იქნება საბოლოო ანგარიში. ეს არჩევნები არ იყო კარგად და არ ჩატარებულა ჯეროვნად. ეს არჩევნები არ ჩატარდა ისე, როგორც მოველით ევროპული ღირებულებების მქონე ქვეყნიდან, - განაცხადა ენემოს ხელმძღვანელმა ზლატკო ვიუოვიჩმა.