რას ემსახურება ,,ოცნების" კვლევები? - ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ტოტალური გაყალბებისთვის ემზადება
,,ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კვლევებს ოპონენტები არადამაჯერებელს უწოდებენ და ვარაუდობენ, რომ ეს არის პარალელური და მოდელირებული რეალობის შექმნის მცდელობა.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არჩევნების ტოტალურ გაყალბებას შეეცდება, თუმცა რამდენად გამოუვათ, ამაზე პასუხს 2 ოქტომბერს მიიღებენ.
,,ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია, მიიჩნევს, რომ 2 ოქტომბერს ,,ქართული ოცნება" ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება.
ყველა ეს კვლევა არის საკუთარი ადმინისტრაციული ვერტიკალისთვის გულის გამაგრების. მათი კამპანია ეყრდნობა დაშინებას და მოსყიდვას და სჭირდებათ საკუთარი ძალების დემონსტრირება. ,,ჩვენ ყველა ვარიანტში ვრჩებით და შეეგუეთ ამასო-ამის საუკეთესო პასუხი იქნება არჩევნების დღეს. ქუთაისი არის იმის მაგალითი, რადგან ამ ქალაქში ყველაზე მეტად უჭირთ რესურსების გამოყენების შედეგადაც კი. ეს არის მათი ილეთი, რომ ფეხებზე გვკიდია, მაინც დავრჩებით, ვერ დარჩებიან- ამბობს გიგა ბოკერია.
,,ლელოს" ერთ-ერთ ლიდერი ვარაუდობს, რომ ,,ოცნება" მოდელირებული ისეთი რეალობის შექმნას ცდილობს, თითქოს არჩევნებში მათ უპირატესობა აქვთ. საბა ბუაძე მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია 43%-იან ბარიერს ვერ გადალახავს.
ეს კვლევები ზუსტად იმისთვის ქვეყნდება, რომ ხალხი შეცდომაში შეიყვანონ, რომ შექმნან პარალელური და მოდელირებული რეალობა, რომ ,,ოცნებას" აქვს უპირატესი მდგომარეობა. ყველა ნეიტრალური კვლევა აჩვენებს, რომ ,,ოცნება" ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გადალახავს 43%-იან ბარიერს. ამ კვლევებით ისინი აპირებენ, საზოგადოება შეამზადონ, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდება -ამბობს საბა ბუაძე.
სერგო ჩიხლაძე, ,,სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, აცხადებს, რომ წინასაარჩევნო კვლევების გამოქვეყნებით მმართველ პარტიას მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენა სურს, რაც ვერ გამოუვა.
ეს არის მორიგი ფსიქოლოგიური ზეწოლა მოსახლეობაზე. წინასაარჩევნოდ განწყობებს ქმნიან, ზეწოლაა, ფსიქოლოგიურად სურთ მოსახლეობის გატეხვა. რჩევას მივცემ, 90% დაიწერონ, უფრო გამხნევდებიან - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
,,ქართულმა ოცნებამ" არჩევნებზე თავი გამარჯვებულად უკვე გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ 2 ოქტომბრამდე კიდე დიდი დროა, მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე დამაჯერებელად გაიმარჯვებს. ამის თქმის საფუძველს სახელისუფლებო პარტიას აძლევს შიდა კვლევები - რომლის შედეგიც დღეს მხოლოდ ერთ კონკრეტულ ქალაქზე გაასაჯაროვეს.
,,ქართულ ოცნებას" სურს, საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ ქუთაისში მათი პარტია ლიდერობს 44 %-ით, ხოლო ,,ნაციონალურ მოძრაობას" მხარს უჭერს ადგილობრივი მოსახლეობის მხოლოდ 32%. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ იგივე შედეგს მიიღებენ ყველა სხვა ქალაქშიც.