უარყოფითი რეიტინგი, თუ აქტიური პარტიული, საშტაბო საქმიანობა - რატომ არ ჩანს ირაკლი კობახიძე
წინასაარჩევნო კამპანია პარტიის თავმჯდომარის გარეშე. ,,ქართულ ოცნებას" თვითმმართველობის არჩევნებისთვის ახალი გათვლა აქვს. პარტიის უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამომრჩეველთან შეხვედრებს აღარ დაესწროს კობახიძე.
,,ქართული ოცნებაც" ადასტურებს, რომ ირაკლი კობახიძე საჯარო შეხვედრებზე შეგნებულად არ დადის. ამის მიზეზად პარტიული საქმიანობა სახელდება. პირველების კითხვას- სად არის ირაკლი კობახიძე- ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლები პასუხობენ, რომ ის საარჩევნო შტაბის საქმეებს კურირებს.
ანალიტიკოსთა აზრით, ფაქტი, რომ ირაკლი კობახიძე არც სამთავრობო ღონისძიებებზე არ ჩანს და არც მისი გამოსვლა უნახავს ვინმეს, ერთის მხრივ განაპირობა მისმა უარყოფითმა რეიტინგმა. მრავალი საერთაშორისო კომპანიის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 55% მის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი. მეორეს მხრივ, ,,ქართული ოცნება" წინა პლანზე ისეთი პოლიტიკოსების წამოწევას ცდილობს, ვისაც საზოგადოების მეტი ნდობა გააჩნია.
პარტია ,,სამართლიანობისთვის" ლიდერი, ეკა ბესელია, მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძეს ამ ეტაპზე ცუდი დავალებების შესასრულებლად იყენებენ და ამიტომაც არ ჩანს.
რომ გადავხედოთ, ,,ოცნების" სპიკერებს შორის ვის აქვს უარყოფითი განწყობა, ეს არის კობახიძე. როცა ,,ოცნება" ლიდერების გარეშე დარჩა და მას ასე ღიად გამოუცხადა დისტანცირება ივანიშვილმა, დატოვა გახარიამ და დარჩა ეს გუნდი ამ ლიდერების ამარა, ამიტომაც წინა პლანზეა ღარიბაშვილი, რომელსაც მიჰყავს წინასაარჩევნო კამპანია და კობახიძე არის პრაქტიკულად უკან. ცუდი დავალებების შესასრულებლად მისი როლი სავსებით საკმარისია - აცხადებს ეკა ბესელია.
,,ტრიბუნას" დამფუძნებელი, დავით ჭიჭინაძე, აცხადებს, რომ სინამდვილეში კობახიძე პარტიაში პირველი პირი არ არის, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოების წინაშე გამოჩენას მას ვერ აუკრძალავდნენ.
ეტყობა, ,,ქართულ ოცნებას" ეყო ჭკუა და გადამალა კობახიძე. ეს იმას ნიშნავს, რომ კობახიძე პარტიაში ნამდვილად არ არის პირველი პირი, ასე რომ ყოფილიყო, მას პირველ პირად ყოფნას ვერავის აუკრძალავდა, რადგან კობახიძე ამით ცხოვრობს. დღეს კი პატარა ბავშვივით ჰყავთ გადამალული, პატრა ბავშვს რომ დასჯიან, ისე - ამბობს ჭიჭინაძე.