ქართველ ხალხს მიათრევენ ისეთი მმართველობისკენ, რომელიც რუსულს უფრო ჰგავს, ვიდრე ევროპულ დემოკრატიას - პრეზიდენტი

28.10.24 19:57
ქართველ ხალხს მიათრევენ ისეთი მმართველობისკენ, რომელიც რუსულს უფრო ჰგავს, ვიდრე ევროპულ დემოკრატიას - პრეზიდენტი

საქართველოში განვითარებული მოვლენები და ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ის მთავარი თემა იყო, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "დოიჩე ველესთან" ინტერვიუში ისაუბრა.

ქვეყნის მთავარსარდალი მიიჩნევს, რომ "ქართველი ხალხის ნება მოპარულია და მმართველი პარტია საზოგადოებას ისეთი მმართველობისკენ მიათრევს, რომელიც უფრო რუსულს ჰგავს, ვიდრე ევროპულ დემოკრატიას".

"ეს კურსი თუ არ შეიცვალა, ხალხი ქვეყანას დატოვებს და ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა იქნება დიდი საფრთხის ქვეშ" - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუში. 

ამასთან, როგორც ქვეყნის მთავარსარდალმა აღნიშნა, გააჩნია ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციურ პარტიებს გარკვეული გეგმები აქვთ, მათ შორის, ახალი არჩევნების მოთხოვნის. 

ჟურნალისტი: რატომ არ სურს ოპოზიციას, რომ იმუშაოს მმართველ პარტიასთან და შევიდეს მასთან კოალიციაში?

თქვენ ალბათ ხუმრობთ. "ქართული ოცნება" არ აპირებს არავისთან კოალიციის შექმნას, მათ დაიწერეს უმრავლესობა და აპირებენ, რომ ისევ უმრავლესობით მართონ ქვეყანა. მათ იმედი ჰქონდათ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების, რის შემდეგაც აპირებდნენ ჯერ პრეზიდენტის იმპიჩმენტს, შემდეგ ოპოზიციონერების ციხეში ჩასმას. მე არა მგონია, ეს კოალიციის პროგრამა იყოს. კოალიციის პროგრამა ჰქონდა პროევროპულ ძალებს. ჩემი წინადადება იყო, რომ ოთხ პროევროპულ პარტიასთან ერთად შემექმნა ტექნიკური მთავრობა, რომელიც იქნებოდა გარდამავალი ეტაპი კოალიციის შექმნისთვის. ეს შესაძლებლობა მმართველმა პარტიამ არ მოგვცა და მათ სხვა გზა, აირჩიეს მათ აირჩიეს დიქტატურა.

დღევანდელი საპროტესტო აქციით მე პირადად არაფრის მიღწევას არ ვცდილობ. მე ვთვლი, რომ ქართველი ხალხის ნება იქნა მოპარული. ქართველ ხალხს მიათრევენ ისეთი მმართველობისკენ, რომელიც რუსულ მმართველობას უფრო ჰგავს, ვიდრე ევროპულ დემოკრატიას. ეს კურსი თუ არ შეიცვალა, ხალხი ქვეყანას დატოვებს და ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა იქნება დიდი საფრთხის ქვეშ.

ვფიქრობ, არსებობს ბევრი სხვადასხვა სტრატეგია, რათა ამ პროტესტმა შედეგი გამოიღოს. ჩემი ინფორმაციით, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ გარკვეული გეგმები, მათ შორის ახალი არჩევნების მოთხოვნის, რომლებიც ჩვენი ევროპელი პარტნიორების მონაწილეობით ჩატარდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი სამართლიანობა და გამჭვირვალობა.

საქართველოში არ არსებობს ადამიანი, ვისაც ომი უნდა. ჩვენ საკმაოდ ბევრი ომი გადავიტანეთ რუსეთთან და ვიცით, რა არის ეს. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც შეიძლება რუსეთთან ომი დაიწყოს, ეს არის თავად რუსეთი და ამის თავიდან აცილების ერთადერთი გზა არის შიდა სტაბილურობა, დემოკრატია და ევროპისკენ სვლა", - ამბობს პრეზიდენტი.