"უარვყოფთ შედეგებს, რომელიც დაშინებას და ძალადობას ეფუძნება" - ALDE/LI
"ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის" პრეზიდენტი და "ლიბერალური ინტერნაციონალის" პრეზიდენტი საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
სვენია ჰანის და პაკიმ ელ ჰაიტს მიაჩნიათ, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ძირითადად ხასიათდებოდა ამომრჩეველთა დაშინებითა და იძულებით, ამიტომ მათივე განმარტებით, არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს სრულად არ ასახავს.
"ჩვენ უარვყოფთ შედეგს, რომელიც ეფუძნება ძალადობას, დაშინებასა და „ქართული ოცნების“ მიერ დემოკრატიული სივრცის მიზანმიმართულ შემცირებას" - წერია განცხადებაში.
ამასთან, "ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის" პრეზიდენტი და "ლიბერალური ინტერნაციონალის" პრეზიდენტი სოლიდარობას უცხადებენ ოპოზიციურ პარტიებსა და სალომე ზურაბიშვილს.
შაბათ-კვირას საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყანაში გაურკვევლობა და შიში დატოვა დაშინებითა და დარღვევებით გამორჩეულ გარემოში, რაც დასტურდება მინიმუმ ხუთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი ანგარიშებით. მიგვაჩნია, რომ არჩევნების შედეგები სრულად არ ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს.
სადამკვირვებლო მისიების მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდი ძირითადად ხასიათდებოდა ამომრჩეველთა დაშინებითა და იძულებით, ხმების მოსყიდვით, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამორთმევით და ხელისუფლების მიერ საჯარო ადმინისტრაციული რესურსების არაპროპორციული გამოყენებით. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ გაერთიანებულ ოპოზიციურ პარტიებსა და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომლებიც ამ გადამწყვეტი არჩევნების ჩატარებას გმობენ, რომელიც ევროკავშირთან ქვეყნის მომავალ ურთიერთობებს განსაზღვრავს.
ჩვენ უარვყოფთ შედეგს, რომელიც ეფუძნება ძალადობას, დაშინებასა და „ქართული ოცნების“ მიერ დემოკრატიული სივრცის მიზანმიმართულ შემცირებას და ვაღიარებთ ქართველთა უმრავლესობის სურვილს, გაყვნენ ევროატლანტიკურ გზას და უარი თქვან რუსეთის მცოცავ გავლენაზე თავიანთ ქვეყანაში. საქართველოს მოქალაქეებს სურთ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ნათელ გზაზე დამყარებული მომავალი, რუსული გავლენისგან თავისუფალი და დემოკრატიული ღირებულებების სრული პატივისცემით - აღნიშნული მიზნის მიღწევისას მათ ყოველთვის ექნებათ „ლიბერალური ინტერნაციონალისა“ და ALDE-ს პარტიის მხარდაჭერა“, - აღნიშნულია განცხადებაში.