ნაბილა მასრალი: რუსეთმა საქართველოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა სცადა
„სამართლიანია იმის თქმა, რომ დიახ, რუსეთმა საქართველოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა სცადა“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ამასთან, ნაბილა მასრალი საარჩევნო დარღვევებისა და ბრალდებების გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.
მისი თქმით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ მოვლენებს.
შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში შაბათს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ მოვლენებს. თქვენ ნახეთ, რომ გუშინ უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიამ გამოაქვეყნეს პირველადი რეაქცია, რომელშიც ნათლად განვაცხადეთ, რომ ევროკავშირი მოელის, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სხვა შესაბამისი ორგანოები შეასრულებენ თავიანთ პასუხისმგებლობას, რათა სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ამ დარღვევების დაზუსტება და განხილვა უნდა მოხდეს“, - განაცხადა ნაბილა მასრალიმ.
ნაბილა მასრალიმ თქვა, რომ ევროკავშირი ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშსა და რეკომენდაციებს ელის, რომელთა განხორციელება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს.