სახ.დეპი: „არ გვითქვამს, რომ დარღვევების გამოძიება საქართველოს მთავრობამ უნდა ჩაატაროს“

29.10.24 00:07
სახ.დეპი: „არ გვითქვამს, რომ დარღვევების გამოძიება საქართველოს მთავრობამ უნდა ჩაატაროს“

ვაშინგტონი ევროპელ პარტნიორებთან განიხილავს, რომელია შესაბამისი ორგანო, რომელმაც საარჩევნო დარღვევების გამოძიება უნდა ჩაატაროს - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა საქართველოზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

მეთიუ მილერის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი უერთდება ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მოწოდებებს დარღვევების სრული გამოძიების შესახებ.

„ჩვენს განცხადებაში ვთქვით, რომ გვინდა [დარღვევების] გამოძიება. არ დაგვიზუსტებია, რომ ეს გამოძიება ხელისუფლებამ უნდა ჩაატაროს. კონსულტაციები გვაქვს ევროპულ პარტნიორებთან, რომელი ორგანო შეიძლება იყოს შესაბამისი ასეთი გამოძიებისთვის“, -  უთხრა მილერმა ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს.